მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადის ჭორი, რომ ილიაუნის გაუქმება და რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანება უნდათ - სიმონ ჯანაშია

სიკო ჯანაშია

„დადის ჭორი, რომ ილიაუნის გაუქმება და რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანება უნდათ“, - განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია BMG-სთან ამბობს, რომ ეს შეიძლება „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო რეფორმის ნაწილი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ დააანონსა.

სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უმაღლესი განათლების სისტემის დამორჩილება და მათზე კონტროლის დამყარება სურს, რისთვისაც შეუძლია რამდენიმე ნაბიჯი გადადგას. ერთ-ერთი სწორედ კრიტიკულად განწყობილი უნივერსიტეტის, ამ შემთხვევაში ილიაუნის გაუქმება შეიძლება იყოს.

„ხელისუფლება არის კრიზისში. ხედავს, რომ უნივერსიტეტების ნაწილი არ ემორჩილება მის პოლიტიკას, ღიად აკრიტიკებს. ცხადია, არის სხვა უნივერსიტეტები, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკაში პირდაპირ მონაწილეობენ, თუმცა მათაც უკვე გაუჭირდათ. სხვა უნივერსიტეტებში იგულისხმება ის უნივერსიტეტები, რომელთა ლექტორები ან დანიშნული არიან „ოცნების“ მიერ, ან ლოიალურები არიან მათი პოლიტიკის მიმართ და ცდილობენ შეაკავონ თავიანთი სტუდენტები, რომ არ ჩაერთონ აქციებში.

თავიანთი ხალხის გამწესება უნივერსიტეტებში, ეს არის კონტროლის ერთი გზა, მეორე - ჭორად დადის, რომ შეიძლება გაერთიანება უნდოდეთ რამდენიმე უნივერსიტეტის, ცხადია ისეთის, რომელიც არ ემორჩილებათ ანუ ილიაუნის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს ჭორი, თსუ-ის გაუქმებაზე იყო საუბარი, ახლა ილიას უნივერსიტეტის გაუქმებაზეა ლაპარაკი. ანუ შეიცვალა ახლა როლები. წინა ხელისუფლების დროს თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობა აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ახლა ილიას უნივერსიტეტი უფრო აქტიურია.

ტექნიკურად [უნივერსიტეტების გაერთიანება] შესაძლებელია. შეიძლება საერთოდ გააუქმონ უნივერსიტეტი და თავიდან დააარსონ ახალი უნივერსიტეტი, იურიდიულად ეს პრობლემა არ არის, მით უმეტეს თვითონაც [ირაკლი კობახიძე], იზორიაც და წულაძეც სამივე იურისტია, შესაძლოა, ამიტომაც უნდა იურისტები მის გარშემო, რომ იურიდიული საკითხები უფრო მარტივად მოაგვაროს, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ჩართულები არიან კონტროლის მექანიზმებში.

როგორც ჩანს, უმაღლესი განათლების სფეროზე კონტროლის დამყარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი მათთვის. მიზანი არის იმდენად დიადი, რომ შეიძლება არაპოპულარული ნაბიჯი გადადგას, რომელიც მტკივნეული იქნება საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ეს იყო პრობლემური, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს დაარქვეს აგენტები“, - აცხადებს ჯანაშია.

მისი თქმით, "ოცნების" ხელთ კიდევ რამდენიმე ბერკეტია, რომელიც არალოიალურად განწყობილი უნივერსიტეტების მიმართ შეიძლება გამოიყენოს. ესაა, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია/აკრედიტაციის შეჩერება, სახელმწიფო ქონებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და დაფინანსების სისტემის ცვლილება.

„რა ინსტრუმენტები აქვს პრემიერ მინისტრს იმისთვის, რომ თავისი რეფორმა განახორციელოს ხომ - ერთია, ხარისხის განვითარების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ შეუძლია შეუჩეროს ავტორიზაცია და აკრედიტაცია უნივერსიტეტებს და თუ არ ექნებათ აკრედიტაცია, ისინი ვერ შეძლებენ მოიზიდონ სტუდენტები. თუ სტუდენტებს ვერ მოიზიდავენ, აღარ ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ ფული, ანუ რეალურად შეუძლიათ გააკოტრონ უნივერსიტეტი. 4 წელი ამისთვის არ არის მთლად კარგი დრო, უფრო მეტი დრო დასჭირდებათ, მაგრამ ძალიან სწრაფად შეუძლია რაღაც მიმართულებებზე დარტყმა განახორციელოს ასეთი გზით.

მეორეა ის, რომ ქონებას ფლობს სახელმწიფო, შეუძლია ამ მიმართულებითაც გადადგას ნაბიჯები, მაგალითად, შეუზღუდოს უფლება ისარგებლოს კორპუსით, აუდიტორიებით ან ა.შ

დაფინანსების სისტემის ცვლილებაც შეუძლიათ. დიდი ხანია უკვე საუბარია, რომ არსებობს უნივერსიტეტების დაფინანსების რაღაც ფორმულა, რომ ხარისხი გააუმჯობესონ, რაშიც იგულისხმება ის, რომ უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ დაფინანსება არამხოლოდ გრანტების გზით, არამედ ახალ სისტემაში საუბარი იყო, რომ უნდა იყოს ერთგვარი საგრანტო სისტემა, რომელსაც უნივერსიტეტი იღებს როგორც დღეს არის უფასო ფაკულტეტებზე, მაგრამ შეთანხმებების საფუძველზე. აქაც შეუძლია გამოიყენოს ეს ბერკეტი, მაგრამ რა იქნება კრიტერიუმი, უნივერსიტეტების დაჯილდოების და დასჯის, ეს არის მთავარი საკითხი. მთავარი კრიტერიუმი კი ქართული ოცნებისთვის არის პოლიტიკური ლოიალობა“,-აცხადებს სიმონ ჯანაშია BMG-ის გადაცემა „რედაქტ2-თან“ ინტერვიუში.

ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში “ქართული ოცნება” მომდევნო 4-წლიან პერსპექტივაში საუნივერსიტეტო სისტემის თვისობრივად გარდაქმნას აანონსებს. მიმდინარე კვირაში, ორშაბათის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი მაღალი, ევროპული განათლების უზრუნველყოფაა. “ოცნების” პრემიერ მინისტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ სისტემის გარდაქმნისთვის სამთავრობო კომისიას ქმნის, რომელსაც სათავეში განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია ჩაუდგებიან.

თავად ლევან იზორია კი სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ამჟამად ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია განათლების საკითხებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები