მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად, მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

,,ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო,

ახალ წელს ამაღლებული და მართლაც სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით.

საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია - ჩვენ, ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად, მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

თქვენი მუდმივი გვერდში დგომით და მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უდიდეს გამოწვევებთან გამკლავება; ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა რადიკალიზმს და ნდობა გამოუცხადა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ და ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შედეგად, ახალ, 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი და გაძლიერებულნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, საჯარო მოხელეებს, ყველას, რომელთა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და სამშობლოს სიყვარულმა გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და მას, 2023 წლის სტიქიებით დამძიმებულ წუთებშიც კი, უკეთესი მომავლის იმედი შეუნარჩუნა.

ახალ წელს ვულოცავ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ქართულ დიასპორას და ქართველი ხალხის ყველა მეგობარს. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და ევროპული მომავლის წარმატებით შენებას.

ახალ წელს ვულოცავ დედაეკლესიას, რომელიც არის ჩვენი ხალხის სულიერი წინამძღოლი და ღირსეულად დგას ჩვენი სულიერების და ღირებულებების სადარაჯოზე.

ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს მშობლებს, რომლებმაც ახალი წლის ტრადიციებს გვაზიარეს და ჩვენს მომავალ თაობას - ჩვენს შვილებს, რომლებსაც დღეს ამ ტრადიციებს ვუზიარებთ. თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტი ჯაჭვი, არის ის, რამაც ჩვენი ათასწლოვანი ერის თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა.

მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ ყველას ახალი 2024 წელი; გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჩვენი სამშობლოს წინსვლა და გამარჯვება,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მილოცვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები