მომავალი წლის დასაწყისიდან მობილური აპლიკაციების გლობალურ ბაზარზე ქართულ მითოლოგიასა და ზღაპრებზე დაფუძნებული თამაში გამოჩნდება, რომელშიც საქართველოს არაერთი თაობისთვის ცნობილ პერსონაჟებსა და გმირებს, მაგალითად კომბლეს, დევსა და ჭინკას, შევხვდებით. თამაშს Kartvelian Legends ერქმევა და მისი BETA ვერსია ხელმისაწვდომი 2024 წლის იანვრიდან იქნება.
თამაშის ჟანრსა და დეველოპერების სამომავლო გეგმების შესახებ BMG-ის მისი თანადამფუძნებელი, ცოტნე ღლონტი ესაუბრა.
“თამაშის შექმნის იდეა ძალიან სპონტანურად გაჩნდა, თუმცა ის სახე, რომელიც მას ახლა აქვს, მოგვიანებით მიიღო. თავდაპირველად უბრალოდ ქართულ მითოლოგიაზე და ზღაპრებზე დაყრდნობით გვსურდა ისტორიული თამაშის შექმნა, თუმცა მივხვდით, რომ იგივე პერსონაჟები შეგვეძლო, უფრო საინტერესო და გლობალურ MOBA და Survival ჟანრში გაგვეერთიანებინა, რომლის ნაკლებობაც არის მობილურ ბაზარზე.
Kartvelian Legends გათვლილია 13-იდან 35 წლამდე მოთამაშეებზე, თუმცა, რასაკვირველია, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს ჩვენი თამაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი შევძლებთ ყველა ასაკის მოთამაშის დაინტერესებას”, - ამბობს ცოტნე ღლონტი და აღნიშნავს, რომ გარდა ნებისმიერი ასაკის მოთამაშისა, სტუდიის მიზანი გლობალური აუდიტორიის ათვისებაა.
Kartvelian Legends-ის შექმნის პროცესში 7-კაციანი გუნდია ჩართული, საიდანაც თითოეულმა პროექტისთვის პირადი ინვესტიციაც გაიღო, თუმცა სტარტაპს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მისცა.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რამაც საკმაოდ დააჩქარა თამაშის შექმნის პროცესი, იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი გრანტი, ჩვენ ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიპოვოთ GITA-ს 150 000 ლარიანი დაფინანსება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს თამაშის ხარისხის აწევის პროცესს და ხელს შეუწყობს მის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე.
რაც შეეხება ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ვფიქრობთ რომ სწორედ მსგავსი ტიპის გრანტები საკმაოდ არის საქართველოში, რომლებიც ხელს უწყობენ ამ და კიდევ სხვა მრავალ ინდუსტრიას”, - ამბობს ცოტნე ღლონტი.
კომპანიის თანადამფუძნებელს ვიდეო თამაშების ქართული ინდუსტრიის პოტენციალზეც ვკითხეთ. მისი თქმით, თამაშის შექმნისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიღება საქართველოში მარტივი არ არის, თუმცა სექტორი ვითარდება.
“ბევრი ქართული თამაში გამოჩნდა ბოლო წლების მანძილზე ბაზარზე და უფრო მეტი იქმნება ყოველწლიურად. რასაკვირველია, განვითარებას და ზრდას საზღვარი არ აქვს, ამიტომ, რაც უფრო მეტი ხელშეწყობა და ინფორმაციულობა იქნება ამ სფეროში, მით უფრო მეტ ქართულ პროექტს ვიხილავთ მომავალში.
ინფორმაციის სიმცირე და დეტალების გასაგებად საკმაოდ დიდი დროის ხარჯვა ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ რთულია ზუსტად ის ინფორმაცია მოიძიო, რაც გჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი ხარვეზების გარეშე გააკეთო თამაშის შექმნისთვის”, - აღნიშნავს ღლონტი.
Kartvelian Legends პირველი პროექტი არ არის, რომელზეც ამჟამინდელ გუნდს ერთად უმუშავია, თუმცა ეს მათ მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული პირველი თამაში იქნება, რის გამოც თამაშის გამოშვების შემდეგ ახალი პროექტის დაწყების ნაცვლად, დიდ დროს მის განახლებას, გაუმჯობესებას და მითოლოგიური პერსონაჟების გაცოცხლებას მოხმარდება.