1 ივლისიდან ძალაში შევიდა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო-კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო-სერტიფიკატი, თუ რომელ ენერგო-კლასს მიეკუთვნება ის. მინიმალური ენერგოეფეტურობის სტანდარტების მქონე შენობა, მომავალში D კლასს მიეკუთვნება, თუმცა შესაძლებელია უკეთესი სტანდარტის შენობის აშენება, რომელსაც A, ან B კლასი მიენიჭება.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო-კლასისი სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც. ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მომავალი წლის ბოლომდე შევა.
„ჩამორჩენა გვაქვს ვადების შესრულების ნაწილში. პრინციპში ეს სქემა უკვე უნდა მუშაობდეს, თუმცა სისტემაა შესაქმნელი. შენობების კლასიფიცირება უნდა მოახდინოს შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის სპეციალისტებმა, რისთვისაც საჭიროა საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო პროგრამები. ეს პროცესი მიმდინარეობს და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება“,-აცხადებს გიორგი აბულაშვილი.
მისი თქმით, კანონმდებლობა ძირითადად მიყვება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ეტაპობრივად ხორციელდება ასევე ევროკავშირის ახალი დირექტივისადმი დაახლოებაც.
„ მზადდება ცვლილებები კანონში, სადაც ახალი მუხლები გაჩნდება, რომელიც ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს.
მაგალითად, ელექტრომობილების დამტენები იქნება მოთხოვნილი მრავალსართულიან შენობებში, რა ვალდებულებაც ექნება მშენებელს. იქნება ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების პოპულარიზაცია და ა.შ, თუმცა რევოლუციური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“,-განმარტავს გიორგი აბულაშვილი.