მომავალი წლიდან, ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი „სკამი“ თელავში მეოთხე საგამოფენო სივრცეს ხსნის.
ავეჯის საწარმო „სკამი“, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, მომხმარებელს ადგილობრივად წარმოებულ კომპანიისთვის ნიშურ პროდუქციას სკამსა და მაგიდებს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანიას საკონსულტაციო სერვისიც აქვს, რომელიც მომხმარებლების ინფორმირებას და ავეჯის შერჩევაში დახმარებას გულისხმობს. საწარმო ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო საგამოფენო სივრცე თბილისში, ლისზე, ოზურგეთში და ასევე ექსკლუზიური წარმომადგენლობა ბათუმში აქვს.
კომპანიის დამფუძნებელი, ირაკლი წირღვავა BMG-სთან ბრენდის განვითარების გეგმაზე საუბრობს, თუმცა კახეთში ახალი საგამოფენო სივრცის შესაქმნელად ინვესტიციის დასახელებისგან თავს იკავებს.
მისივე ინფორმაციით, დღეს სტარტაპი 10-ზე მეტი სახეობის სკამებსა და მაგიდებს აწარმოებს და მიზანი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა, რათა სამომავლო პერსპექტივაში ექსპორტი განახორციელოს.
„ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული და ექსპორტზე გასვლას არ ვგეგმავთ. ლისზე დიდი საგამოფენო სივრცე გვაქვს, სადაც მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ, ოზურგეთში წარმომადგენლობა გავხსენით და ასევე ბათუმის ავეჯის სალონებში ექსკლუზიური წარმომადგენლობა გვაქვს", - აცხადებს წიღვავა.
რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე, მათ საწარმოში დაახლოებით 35 ადამიანია დასაქმებული. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრი ისევე როგორც სხვა სექტორში, მათთვისაც გამოწვევაა, მისი სიძვირის გამო. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელია აღნიშნავს, რომ სტარტაპებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვთ და საკუთარი კაპიტალის ან ბანკის მხარდაჭერით უწევთ განვითარება.