2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინ-ვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი, მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვით განთავსდება და კონფიდენციალური იქნება.
სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰგონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება ბოლო წლებში კიდევ უფრო გამოიკვეთა, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი, თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა.
დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება, პარლამენტში ინიციირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.