მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის 21-22 ივლისი ისტორიულად ყველაზე ცხელი დღეები იყო - Copernicus

ამინდი

ევროპის კლიმატის სერვისის, Copernicus-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ორშაბათი ისტორიულად ყველაზე ცხელი აღმოჩნდა - 22-მა ივლისმა ყველაზე ცხელი დღის რეკორდი 21 ივლისს ჩამოართვა. საშუალო გლობალური ტემპერატურა კი, ერთ დღეში, 17.09 ცელსიუსიდან 17.15 ცელსიუსამდე გაიზარდა. 21 ივლისის დედამიწის საშუალო ტემპერატურა 0.01 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე წინა, 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირებული რეკორდი. მანამდე კი, ყველაზე ცხელი დღე 2016 წელს დაფიქსირდა, როცა დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 16.8 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.

ბუნებრივია, საშუალო ტემპერატურა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს მონაცემებსაც ითვალისწინებს, სადაც ახლა ზამთრის სეზონია, რაც გლობალურ საშუალოს ამცირებს.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ რეკორდული დღეების დაფიქსირება კლასტერულად ხდება, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ 23 ან 24 ივლისიც ისტორიულად ცხელი აღმოჩნდება, მაღალია. მსგავსი შემთხვევა 2023 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურული რეკორდი 3-დან 6 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე იცვლებოდა.

მაღალი ტემპერატურის გამო კვირის დასაწყისში ცეცხლის კერები გაჩნდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, რუსეთსა და კანადაში. 2024 წლის რეკორდს გასული წლისგან ისიც განასხვავებს, რომ მიმდინარე წლის აპრილში “ელ-ნინიოს” ფენომენი დასრულდა, რაც მანამდე კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ “ელ-ნინიოს” ფაზის დასრულების შემდეგ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება უცნაურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წიაღისეული საწვავის წვის მასშტაბურ გავლენას კლიმატზე.

აღსანიშნავია, რომ, შესადარებლად, Copernicus-ის მონაცემთა ბაზა 1940 წლით თარიღდება, თუმცა არსებობს სხვადასხვა მეტეოროლოგიური ცენტრები ევროპასა და, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, სადაც ტემპერატურის შესახებ მონაცემებს 1880-იანი წლებიდან აგროვებენ. აღნიშნულ ბაზებზე, ყინულისა და მწვანე საფარზე დაკვირვებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი პლანეტისთვის 120 000 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იყო, 2024 წლის პირველი 6 თვე კი რეკორდის განმეორების პროგნოზებსაც აჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები