ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით, ანუ 44%-ით ნაკლებია.
კლების უმთავრესი მიზეზი უკავშირდება საქართველოდან EU-ში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის ვარდნას, რადგანაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირში უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სწორედ სპილენძის მადნები იყო, 132 მილიონი დოლარის ოდენობით, წელს კი მხოლოდ 9.9 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა, რაც 93%-იან ვარდნას წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროკავშირში სხვა საქონლის ექსპორტს, გაზრდილია აზოტოვანი სასუქებისა და ღვინის ექსპორტი, თუმცა შემცირებულია ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში 2024 წლის პირველ 4 თვეში:
- აზოტოვანი სასუქები - $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%;
- თხილი და კაკალი - $15 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
- ნავთობი (რეექსპორტი) - $10.5 მილიონი, წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა;
- ღვინო - $10.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;
- სპილენძის მადნები - $9.9 მილიონი, კლება წინა წელთან 93%.
ექსპორტის კლების შედეგად, EU-ს წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში წელს 9.3% შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 14.7% იყო.