მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიცხვები პროპაგანდის წინააღმდეგ: როგორ ეხმარება EU-ს წევრობა ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში|ზაზა ბროლაძის ბლოგი

ზაზა ბროლაძე
03.07.26 23:45
121

პირველ ბლოგში განვიხილე ის პროპაგანდისტული მეთოდები, რასაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. მეორე ბლოგში ციფრებით დავასაბუთებ იმ განცხადებების მცდარობას, რომელსაც ავრცელებს ლავროვი, ასევე, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვა რუსეთუმე პროპაგანდისტები.

ლავროვი ცრემლებს ღვრის, ევროკავშირი ქართულ სოფლის მეურნეობას გაანადგურებსო. პაპუაშვილიც თავზე ნაცარს იყრის, ევროკავშირში გაწევრიანება ღვინის სექტორს ჩამოანგრევსო. ამ განცხადებების საერთო თვისება ერთია: მათ არასოდეს ახლავს ციფრები, ან გადამოწმებადი ფაქტები. მხოლოდ შიში - „განადგურება", „კოლაფსი", „აღსასრული".

მე ეკონომისტი კაცი ვარ, სტატისტიკასთანაც მქონია შეხება და ციფრებით უფრო გამიადვილდება სიმართლის ჩვენება. სანამ ციფრებზე გადავალთ, იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ რუსების ღიპიანი და ყანწიანი ანიმატორები - ქვეყანა, რომელიც ბოლომდე ერთ ბაზარზეა ჩამოკიდებული და ერთი სატელეფონო ზარით შეიძლება მუხლებზე დაეცეს. გვინდა ევროპა! გვინდა მაღალტექნოლოგიური, კონკურენტუნარიანი, მუხლმაგარი აგრარული სექტორი - ისეთი, როგორიც მაგალითად ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა შექმნეს.

ახლა კი ციფრები, ბევრი ციფრები.

ავიI: როგორ იხეირა პოლონეთის და ბალტიისპირეთის აგროსექტორმა

ლავროვი ამბობს, ევროკავშირი ანადგურებს სოფლის მეურნეობასო. სად არის თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სოფლის მეურნეობა დაკარგა? პასუხი არ არსებობს. ამის ნაცვლად, არსებობს პოლონეთის აგრო საოცრება.

პოლონეთი: იმპორტიორიდან ევროპის სასურსათო ექსპორტიორამდე

2004 წლამდე, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, პოლონეთს უფრო მეტი საკვები შემოჰქონდა, ვიდრე გაჰქონდა. 2004 წლის შემდეგ სურათი სრულიად შეიცვალა: მთლიანი აგრო ექსპორტი €5 მლრდ-დან €58.4 მლრდ-მდე, თითქმის 12-ჯერ გაიზარდა. 2025 წელი რეკორდული იყო წინა წელთან შედარებით 8.6 პროცენტიანი ზრდით.

ვაშლის სექტორი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. დღეს ევროპაში ყოველი მესამე ვაშლი პოლონეთიდანაა. პოლონეთი მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს ვაშლის წარმოებაში, ჩინეთის, თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ. 2025 წელს პოლონეთმა 600 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გაიტანა. ეს ის ქვეყანაა, სადაც „სოფლის მეურნეობა განადგურდა“?

ბალტიისპირეთი: სამი ქვეყანა, წარმატების სამი ამბავი

ბალტიის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს მსგავსად საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდნენ. ამ ციფრებს კომენტარები არ სჭირდება:

ლიეტუვა: მშპ ერთ სულზე $4,700-დან $29,400-მდე გაიზარდა (შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ ნაკლებია საქართველოში). რძის პროდუქტები 60-ზე მეტ ქვეყანაში გადის, სექტორის შემოსავლის 60% კი ექსპორტია. ევროკავშირის სოფლის განვითარების ფონდიდან ქვეყანამ მიიღო €17 მლრდ-ზე მეტი დახმარება (ძირითადად გრანტების და თანადაფინანსების სახით).

ლატვია: მშპ ერთ სულზე $4,100-დან $23,400-მდე; ფერმერის საშუალო წლიური შემოსავალი €1,000-დან €5,100-მდე გაიზარდა. ევროკავშირის ფონდიდან მიიღო €10 მლრდ.

ესტონეთი: მშპ ერთ სულზე $4,500-დან $31,400-მდე გაიზარდა. სოფლის მეურნეობის დიგიტალიზაცია 70%-ზე მეტი, მონიტორინგი მერძევეობის ინდუსტრიაში 95%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ევროკავშირის ფონდიდან მიიღო €8 მლრდ.

ესტონეთი განსაკუთრებით საინტერესოა. ეს პატარა ქვეყანა ევროპაში სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი გახდა. აგრო ფერმის მართვის ესტონური სტარტაპი eAgronom დღეს 9 ქვეყანაში 700,000 ჰექტარს მართავს.

თავი II: სომხეთის ემბარგო - დეჟავუ საქართველოსათვის

2005 წელს, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვის ფონზე მოსკოვმა ეკონომიკური რეპრესიები დაიწყო. 2006 წლის მარტში მათ „სანიტარიული ნორმების დარღვევა“ აღმოაჩინეს ქართულ ღვინოში. ამავე წელს „პრობლემები“ აღმოჩნდა მინერალურ წყალ ბორჯომში და ქართულ ხილ-ბოსტნეულში. ემბარგომდე ქართული ღვინის ექსპორტის 87% რუსეთში მიდიოდა. ერთ ღამეში, ეს ბაზარი გაქრა. აქვე, როგორ არ უნდა გაგვახსენდეს პაპუაშვილის მიერ 2024 წელს გავრცელებული ფეიკნიუსი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართულ ღვინოს გაანადგურებსო.

2006-2013: რუსული ემბარგო, რომელმაც ქართული ღვინო ევროპაში გაიყვანა

ემბარგომ მტკივნეული დარტყმა მიაყენა ქართველ მეღვინეებს. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისინი იძულებულნი გახდნენ მოეძებნათ ახალი ბაზრები და ღვინის ხარისხი გაეუმჯობესებინათ, რადგან, რუსეთისგან განსხვავებით, დასავლური ბაზარი ნახევრად ტკბილ წითელ და გოგირდით გაჯერებულ, უხარისხო თეთრ ღვინოს არ ყიდულობს. 2013 წლისთვის ახალი ბაზრების წილი მთლიან ექსპორტში 10.9%-მდე გაიზარდა. ქართული ღვინო გამოჩნდა პოლონეთში, გერმანიაში, ბალტიაში, ჩინეთში, იაპონიაში, აშშ-ში...

2013 წლის შემდეგ: გაკვეთილი, რომელიც ისევ დაავიწყდათ

2013 წელს რუსეთმა კარი ისევ გახსნა. ქართველი მეღვინეები, ბუნებრივია, ამ ბაზარს დაუბრუნდნენ და ნელ-ნელა, ისევ, 2005 წლამდელ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. 2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის 64% ისევ რუსეთისკენ მიემართება. 2025 წელს ღვინის ექსპორტმა სულ $268 მლნ შეადგინა, საიდანაც $171 მლნ რუსეთში შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს საქართველო რუსეთის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებში პირველ ადგილზე გავიდა 26%-იანი წილით.

საინტერესოა 1 ლიტრი საექსპორტო ღვინის ფასის შედარება: რუსეთში $2.74, აშშ-ში - $6.20, იაპონიაში - $5.82, გაერთიანებულ სამეფოში - $5.10. ანუ, ჩვენ ყველაზე იაფად ვყიდით ყველაზე არასანდო მყიდველზე.

ამასთან, ქართული ღვინის ექსპორტი ევროკავშირში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა და მთლიანი ექსპორტის 10-13%-ებში მერყეობს, თუმცა, მოცულობა 7-დან 11.5 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. ღვინის ექსპორტი ძირითადად მიემართება პოლონეთში, გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში.

2026: იგივე სცენარი, ამჯერად სომხეთში

2025 წელს სომხეთის მიერ ევროინტეგრაციის პოლიტიკის დეკლარირების შემდეგ, მოსკოვის რეაქციამ არ დაახანა და ზუსტად ისეთივე მანიპულაციები დაიწყო, როგორც 2005-2006 წლებში საქართველოს შემთხვევაში. „სანიტარიული ნორმების დარღვევის“ საბაბით, 2026 წლის 22 მაისს გამოცხადდა ემბარგო ყვავილებზე, 25 მაისს - სომხურ ღვინოსა და კონიაკზე, 29 მაისს - მინერალური წყალ ჯერმუკზე, 30 მაისს - პომიდორზე, კიტრზე და წიწაკაზე, ივნისში კი სრული ემბარგო გამოცხადდა ხილზე, ბოსტნეულზე, მარცვლეულსა და ხე-ტყეზე. სომხური კონიაკი, ისევე როგორც 2005 წელს ქართული ღვინო, კატასტროფულად იყო დამოკიდებული ერთადერთ, რუსულ ბაზარზე და მთლიანი ექსპორტის 50%-ზე მეტს შეადგენდა.

ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს (სულელი?)

სომხეთმა ახლა ზუსტად ის უნდა გააკეთოს, რაც საქართველომ 2006-2013 წლებში შეძლო: პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ექსპორტის დივერსიფიკაცია. თან საქართველოსთან შედარებით მათ უკეთესი სასტარტო პირობები გააჩნია. კერძოდ, რუსული ემბარგოს შემდეგ ევროკომისიამ სომხური პროდუქტების ექსპორტირებისათვის მთელი რიგი ტექნიკური დახმარებები განახორციელა, რაც ჩვენს შემთხვევაში 2006 წელს არ მომხდარა.

თავი III: კობახიძემ ლავროვს ესტაფეტა ჩამოართვა

2026 წლის 26 ივნისს, ლავროვის სიცრუის (‘სოფლის მეურნეობა განადგურდება“) შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ახალი მამალი ტყუილი შემოაგდო. კერძოდ, პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა:

„არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 2003 წლიდან დღემდე დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა.“

პირველი ტყუილი: „20-ჯერ“

ეს ციფრი მარტივად გადასამოწმებელია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებით, 2003 წელს საქართველოს ნომინალური GDP იყო დაახლოებით 8.6 მლრდ ლარი. 2025 წელს - 95 მლრდ ლარი. ეს არის 11-ჯერ და არა 20-ჯერ, ზრდა. დოლარში კი კიდევ უფრო ნაკლები ზრდა გამოდის - 7-8-ჯერ.

მეორე ტყუილი: „კორელაცია არ არსებობს“

კობახიძე საქართველოს ეკონომიკის პროცენტულ ზრდას EU ქვეყნების ზრდას ადარებს. ეს კი კლასიკური სტატისტიკური მანიპულაციაა და ის “დაბალი ბაზის ეფექტეფუძნება. 2003 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე (GDP per capita) სულ $945 იყო, ბალტიის ქვეყნებს კი - $4,000-7,000. ათიდან ოცამდე ზრდა 100%-ია, ათასიდან ათას ხუთასამდე კი - 50%. მაგრამ ვინ უფრო მდიდრია?

ამ შემთხვევაში სწორი მეთოდი იქნება GDP per capita PPP-ს გამოყენება. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნებში ფასების დონეს, რეალურ მსყიდველუნარიანობას ითვალისწინებს და რეალურ კეთილდღეობას ზომავს. ამ მეთოდით, Pearson-ის კორელაციის კოეფიციენტი EU წევრობასა და GDP per capita PPP-ს შორის არის r = +0.89.

რას ნიშნავს r = +0.89? ძალიან მარტივად რომ ავხსნათ: კორელაციის კოეფიციენტი იზომება -1-დან +1-მდე და რაც უფრო ახლოა +1-თან, მით უფრო დიდია ურთიერთკავშირი ცვლადებს შორის. ანუ, r = +0.89 ნიშნავს ძლიერ დადებით კავშირს ევროკავშირის წევრობასა და კეთილდღეობას შორის.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებთან დატოლებას. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს GDP per capita PPP $20,100-ს შეადგენდა. ანუ, ევროკავშირში ნებისმიერი ახლად გაწევრიანებული ქვეყნის მოქალაქე ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარია - ბულგარეთი $33,400, რუმინეთი $40,100, ხორვატია $43,200. ცხადია, რომ საქართველოს მთავრობას ამ ფრონტზე არაფერი სატრაბახო არ აქვს.

დასკვნა

შევეცადე ამ ბლოგში სამ კითხვაზე გამეცა პასუხი.

პირველი - ანადგურებს თუ არა ევროკავშირი სოფლის მეურნეობას? პოლონეთი 12-ჯერ გაიზარდა. ბალტიის ქვეყნები სამ-ოთხჯერ უფრო მდიდარი გახდნენ. ევროპაში ყოველი მესამე ვაშლი პოლონეთიდანაა. ეს არის "განადგურება"?!

მეორე - ვინ ანადგურებს ქართულ ღვინოს? ევროკავშირმა ქართულ ღვინოს ემბარგო არ დაუწესებია. რუსეთმა ემბარგო დაუწესა. ის ახლა სომხეთსაც იმავეს უკეთებს, ზუსტად ისევე, იმავე "სანიტარიული" საბაბით.

მესამე - არსებობს თუ არა კავშირი EU წევრობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის? კობახიძე ამბობს - არა. Pearson-ის კოეფიციენტი ამბობს r = +0.89. ანუ - კი, და ძალიან ძლიერი კავშირია.

სამივე კითხვაზე ლავროვი, პაპუაშვილი და კობახიძე ერთსა და იმავე მხარეს, ციფრები კი სრულიად საპირისპირო მხარეს დგანან.

ავტორი: ეკონომისტი ზაზა ბროლაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები