საქართველოში მოქმედმა ტელე მაუწყებლებმა 2024 წლის პირველ კვარტალში 14 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიის სტატისტიკის თანახმად, ეს სარეკლამო შემოსავალი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 ათასი ლარით ნაკლებია.
კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 64.9% პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 18.4% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
"სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის პირველ კვარტალში „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.3 მილიონი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი, რომელიც 1.8 მილიონი იყო. არ შეცვლილა „პოსტვ“-ის შემოსავალი, რომელიც 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება „მთავარ არხს”, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.1 მილიონით გაიზარდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. 0.8 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ლარით ნაკლებია. „ბი ემ ჯი“-ს შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალი და 0.7 მილიონი ლარი იყო. „ჯი დი ეს“-მა კი 2023 წლის პირველი კვარტალის მსგავსად 0.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 0.1 მილიონი ლარი შეადგინა „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავალმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი 0.4 მილიონით შემცირდა და 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში ერთი მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-მდე პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.