მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

მატარებელი რკინიგზა

2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 3.2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიან გადაზიდვებში 12% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, რაც ნიშნავს, რომ ტვირთის საწყისი და საბოლოო ტრანსპორტირების ადგილები საქართველოს საზღვრებს შიგნით მდებარეობდა, 28.9% მოდიოდა საქართველოდან საერთაშორისო გადაზიდვებზე, როდესაც ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში დაიწყო და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი სხვა ქვეყანა იყო, ხოლო ტვირთების უდიდესი ნაწილი - 59.1% წარმოადგენდა სატრანზიტო გადაზიდვებს, როდესაც ტვირთმა საქართველო მხოლოდ ტრანზიტისთვის გადაკვეთა.

"2024 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.5 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.9 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 23.6 პროცენტი).

2024 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თითოეული დანარჩენი ტვირთის
მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 89.8 პროცენტი).

2024 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი - ნიდერლანდები, 8.1 პროცენტი - თურქეთი, 7.9 პროცენტი - ჩინეთი, 3.3 პროცენტი - იტალია, 3.3 პროცენტი - უკრაინა, 2.4 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 2.7 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 1.5 პროცენტისას - ჩინეთი, 1.4 პროცენტისას - უკრაინა, 1.3 პროცენტისას - საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას - აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.4 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 9.0 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქართველოს რკინიგზას 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები