მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

apple
სტატიაში საუბარია:

ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს.

ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 416.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 74%-ით, დაახლოებით 217 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Brand Finance-ის მიერ გამოკითხულების 50%-ის მოსაზრებით, მართალია კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ძვირია, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, ამ ფასის გადახდა ნამდვილად უღირთ.

Apple-ის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის ასევე პოზიციონირებს:

Microsoft - $340.4 მლრდ
Google - $333.4 მლრდ
Amazon - $308.9 მლრდ
Samsung Group - $99.4 მლრდ

ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების წლევანდელ რეიტინგში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება. თუკი გასულ წელს, ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla მე-9 პოზიციას იკავებდა, წელს ის ათეულის მიღმა აღმოჩნდა და მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასულ წელთან შედარებით ბრენდის ფასი 12%-ით, 58.3 მილიარდი დოლარამდე შემცირდა.

ეს მოცემულობა ბაზარზე ახალი და უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილების გამოჩენას უკავშირდება, ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას BYD იმსახურებს, რომელიც 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია გახდა. BYD-ის აღმასვლა ცხადია უპირველესად ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების მესამედი - ელექტრომობილი იყო.

წლევანდელ რეიტინგში ღირებულების ყველაზე მკვეთრი, 163%-იანი ზრდის მაჩვენებელი Nvidia-ს აქვს. კომპანიის ღირებულების აღმასვლა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, ჩიპებზე მოთხოვნის კოლოსალურად ზრდამ განაპირობა. Nvidia მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდს შორის 30-ე ადგილს იკავებს.

გეოგრაფიულ არეალს რომ გადავხედოთ, აშშ-ის დომინირება აშკარად შესამჩნევია. ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ნახევარი, რომელთა საერთო ღირებულებაც 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, სწორედ შტატებშია დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები