საშუალო სტატისტიკური საფეხბურთო კლუბის ღირებულება დღეს 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით 5,1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 30 უმდიდრესი კლუბის შემოსავლები გაზრდილია 3%-ით, რაც უკავშირდება 2022/23 წლებში ფეხბურთელების ხელფასების შენარჩუნებას და ამასთან მოთამაშეთა ხელფასების შემცირებას ისეთ კლუბებში, როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი”, “იუვენტუსი” და მილანის “ინტერია".
ინგლისის უმაღლეს ლიგაში ადგილობრივი სატელევიზიო შეთანხმებები 2025/26 წლის სეზონიდან 2028/29 წლების სეზონამდე 2,1 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც სხვა ჩემპიონატების შემოსავლებს ორჯერ აღემატება, მათ შორის მეორე ადგილოსანი ესპანეთისას, რომლისთვისაც საერთაშორისო შეთანხმებებიცაა გათვალისწინებული.
მაღალი შემოსავლები და სატელევიზიო შეთანხმებები ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე შორს გასვლას უკავშირდება ამიტომაა, რომ წლევანდელ ლიგაზე ჯგუფური ეტაპის გადამლახავი გუნდებიდან შვიდმა 100 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო, მათ შორის არიან: “არსენალი”, “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, მიუნხენის “ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია”. აღსანიშნავია, რომ პირველ ივნისს მადრიდელებსა და დორტმუნდელებს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებული დამატებით 21,6 მილიონ დოლარს მიიღებს.
წლის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი სწორედ მადრიდის “რეალია”, რომელმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი 873 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მისმა ღირებულებამ 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან 205 მილიონი სპონსორებისგან მიღებულ თანხას შეადგენს.
მეორე ადგილზე 6,55 მილიარდიანი ღირებულებით “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომლის 27,7% ინგლისის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯიმ რეტკლიფმა შეიძინა, რომელიც გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ 300 მილიონს საშინაო სტადიონის “ოლდ ტრაფორდის” განახლებას მოახმარს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან ჯგუფური ეტაპი აღარ იქნება და მას შვეიცარიული სისტემა ჩაანაცვლებს. გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება და აქედან 125-დან 189-მდე თამაშების ოდენობაც მოიმატებს. UEFA-ს განცხადებით, მესამედით გაიზრდება სატელევიზიო შემოსავლებიც.
Forbes-ის მიხედვით 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ხუთეული ასე გამოიყურება:
5. “მანჩესტერ სიტი” - 5,1 მილიარდი დოლარი
4. “ლივერპული” - 5,37 მილიარდი დოლარი
3. “ბარსელონა” - 5,6 მილიარდი დოლარი
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” - 6,55 მილიარდი დოლარი
1. მადრიდის “რეალი” - 6,6 მილიარდი დოლარი