კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
განახლებული ვიზუალი, უცვლელი პლატფორმა - Tesla-მ საზოგადოებას ახალი თაობის Model Y Juniper - ი წარუდგინა
ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა, Tesla-მ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, Model Y-ის განახლების გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ახალი თაობის Model Y Juniper-ი წარუდგინა, რომელიც წინამორბედისგან ვიზუალურად განსხვავებულია, თუმცა პლატფორმა - ისევ უცვლელია.
მთავარი სიახლე, რომელსაც ახალ Model Y-სთან მიმართებით ვხედავთ „ვაიზორის“ ტიპის, გადაბმული წინა და უკანა მაშუქებია, რაც Tesla-ს ახალ სტილს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ Model Y ახალა უკვე საკმაოდ ახლოს არის Cybertruck-ის და Cybercab-ის დიზაინთან, რაც მოსალოდნელი იყო.
ელექტრომობილის ინტერიერს რაც შეეხება, ამჯერად Model Y-ში ვხედავთ ახალ სავარძლებს, რომელთაც გათბობა-გაგრილების ფუნქციონალი გააჩნიათ, რაც აქამდე Y-ში ხელმისაწვდომი არ იყო. გარდა ამისა, ავტომობილის უკანა რიგში გამოჩნდა მცირე ზომის სენსორული ეკრანი, რომელიც უკანა რიგში მყოფი მგზავრებისთვის არის გათვლილი. ცხადია, განახლებულია წინა, ძირითადი ეკრანიც, რომელიც უფრო დიდი ზომისაა და უახლეს პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი.
ვიზუალურ განახლებებთან ერთად, გაიზარდა ელექტრომობილის მაქსიმალური მანძილი, რომელიც ამჯერად 720 კილომეტრს აღწევს, ნაცვლად 690 კილომეტრისა. ასევე, გაუმჯობესებულია ავტომობილის აჩქარება, რომელიც Model Y-ის უსწრაფეს ვერსიაში 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.3 წამს შეადგენს. როგორც Tesla-ში ამბობენ, ელექტრომობილს ახალი თაობის დაკიდების სისტემა, დისკები და საბურავები აქვს, რაც მას უფრო მეტად კომფორტულს და მოქნილს აქცევს.
როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე, ახალი Model Y ჩინეთის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი $36,000-დან დაიწყება, თუმცა 2025 წლის განმავლობაში ის აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზეც გამოჩნდება.
Mercedes-Benz-ის ავტომობილების გაყიდვები 2024 წელს შემცირდა
გერმანული გიგანტის, Mercedes-Benz-ის ავტომობილების გაყიდვები 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა. გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ 2024 წელს მან ჯამში 1,983,400 ავტომობილი გაყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზარზე — ჩინეთში, მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. კონკრეტულად, ქვეყანაში გაყიდვები 7%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივი მწარმოებლების გააქტიურებით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გაყიდვები ელექტრომობილების კატეგორიაში განსაკუთრებით მკვეთრად, 23%-ით შემცირდა და ჯამში 185,100 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი იმდენად ცუდია, რომ, შესაძლოა, კომპანიას ევროკავშირის მხრიდან ჯარიმები დაეკისროს, რადგან წლის განმავლობაში წარმოებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში EV-ების წილ სულ რაღაც 9%-ია.
გაუარესებული შედეგების პარალელურად, Mercedes-მა წლიური მოგების მარჟის პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ ის ხარჯების შემცირებას გააძლიერებს, რათა ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს და მოგების მარჟა ამ გზით გაზარდოს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში Mercedes-Benz-ის წარუმატებლობა ელექტრონული EQ-სერიის ჩავარდნასთან და იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩინური და ამერიკული კომპანიები სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მათთან კონკურენციის გაწევა კი გერმანულ პრემიუმ ბრენდებს უჭირთ, რადგან კონკურენტებთან შედარებით ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და ამიტომ მომხმარებლებს პრესტიჟული ბრენდის გამო ორმაგის გადახდა აღარ სურთ.
2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები
რომელი მოდელის ელექტრომობილები გაიყიდა 2024 წელს ყველაზე მეტი?! იქამდე სანამ ავტომწარმოებლები ოფიციალურ რიცხვებს გამოაქვეყნებენ, სხვადასხვა გამოცემების მიერ გაანალიზებული ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია 10-ეული შევადგინოთ. 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ათეულში შედის: Tesla Cybertruck: 24 300 ერთეული, Cadillac Lyric: 28 402 ერთეული, Chevrolet Equinox EV: 28 874 ერთეული, Tesla Model X 31 400 ერთეული, Honda Prologue: 33 017 ერთეული.
რაც შეეხება 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების პირველ ხუთეული, რეიტინგი ასე გამოიყურება:
Ford F-150 Lightning: 33 510 ერთეული - გასულ წელს, F-Series-ის გაყიდვებმა 760 000 ერთეულს გადააჭარბა, საიდანაც ამ მოდელის 33 510 ეგზემპლარი გაიყიდა. არც ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ Ford F-150 Lightning-ი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ხუთეულში მოხვედრილიყო. საერთო ჯამში, ამ მოდელის გაყიდვები 2023 წელთან შედარებით, 39%-ითაა გაზრდილი.
Hyundai Ioniq 5: 44 400 ერთეული - Ioniq 5, ბოლო სამი წლის განმავლობაში Car and Driver 10 Best-ის გამარჯვებულია. 2024 წელს, ამ მოდელის გაყიდვები 31%-ით გაიზარდა. 2025 წელს, Hyundai, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას სამ რიგიანი Ioniq 9 SUV-ს გაშვებითაც შეეცდება.
Ford Mustang Mach-E: 51 745 ერთეული - 2021 წლის გაშვებიდან, Mustang Mach-E ელექტრომობილების მომხმარებლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად რჩება. 2024 წელს, Tesla-ს შემდეგ, Mustang Mach-E ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი იყო. მისი შედეგები 2023 წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა, თუმცა ამერიკულ კონკურენტებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
Tesla Model 3: 145 100 ერთეული - Model 3-ის გაყიდვებმა 2024 წელს მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, თუმცა რეიტინგში ლიდერის პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხა. ელექტრომობილის გაყიდვები 2023 წლის 232 700 ერთეულიდან მკვეთრად შემცირდა.
Tesla Model Y: 405 900 ერთეული - ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების რეიტინგში, Model Y-ის პირველი ადგილი გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამასთან ერთად კი, Model Y ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილიც იყო. მის განახლებულ ვერსიას კი, მალე, ამერიკული კომპანია ჩინური ბაზრისთვისაც წარადგენს.
ყველაზე იაფიანი ავტომობილები, რომლებიც EU-ის ბაზარზე იყიდება
ევროკავშირი, რომელიც 27 ქვეყანაში მცხოვრებ 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დინამიკური და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ბაზარია პლანეტაზე. ევროკავშირი ბევრი რამით არის განთქმული, მაგრამ განსაკუთრებით დიდი წვლილი ევროპულ სახელმწიფოებს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მიუძღვით. განსაკუთრებული სილამაზის და სიმძლავრის ავტომობილებთან ერთად, ევროპელებს განსაკუთრებით უყვართ მცირე ზომის ავტომობილები, რომელთა დახმარებით ძველი ევროპული ქალაქების ქუჩებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან. სწორედ ასეთ ავტომობილებს ქმნიან შედარებით ბიუჯეტური ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიები, მათ შორის Renault, Fiat, Peugeot და OPEL. ყველაზე იაფიან ავტომობილებს გაგაცნობთ, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველაზე იაფიანი ავტომობილი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე იყიდება, ფრანგულმა Citroën-მა შექმნა და სულ რაღაც 8,000 ევრო ღირს. Citroën Ami კომპაქტური ელექტრო კვადროციკლია, რომელიც ქალაქის შიდა გადაადგილებისთვის შეიქმნა. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 45 კილომეტრია საათში, ხოლო ელემენტების სრული დამუხტვით ის 75 კილომეტრს გადის.
ევროკავშირის ბაზრისთვის იაფიან ავტომობილებს რუმინული Dacia-ც ქმნის, რომელიც 1999 წელს ფრანგული Renault-ს შემადგენლობაში გადავიდა. ევროკავშირის ბაზარზე Dacia რამდენიმე მოდელით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის ყველაზე იაფი Dacia Sandero-ა, რომლის ფასი 13,795 ევროდან იწყება.
ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული იაფიანი ავტომობილების ჩამონათვალში, ასევე, მოხვდა იტალიური Fiat, რომელიც მცირე ზომის საქალაქო ავტომობილების შექმნითაა ცნობილი. Fiat-ის რიგებიდან ამ რეიტინგში შედარებით მცირე ზომის საქალაქო ჰეჩბეკი, Fiat Panda მოხვდა, რომლის საწყისი ფასი 14,000 ევროა.
ევროკავშირის ბაზრისთვის განკუთვნილი იაფიანი ავტომობილების ჩამონათვალში გერმანული ავტოწარმოების ლიდერი - Volkswagen მოხვდა. ამ რეიტინგში მცირე ზომის საქალაქო ავტომობილი Volkswagen up ლიდერობს, რომელსაც ევროპულ გზებზე 2011 წლიდან ვხვდებით. აპი მცირე ზომის საქალაქო ავტომობილია, რომელიც კომპაქტურობით და გერმანული ბრენდის ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა. ჰეჩბეკის ტიპის ეს ავტომობილი მცირე მოცულობის ძრავებითაა აღჭურვილი, ხოლო მისი საწყისი ფასი 14,500 ევროა.
ამ რეიტინგში, სადაც სუბსიდირებული ევროპული ავტომობილები დომინირებენ, ასევე მოხვდა იაპონური Suzuki, რომელიც ევროკავშირში 15,500 ევროდ შეფასებულ Suzuki Swift ყიდის. Suzuki Swift, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა ბიუჯეტური ავტომობილი კომპაქტური საქალაქო ჰეჩბეკია, რომელიც სპორტული დიზაინით და მართვის მოქნილი სისტემით გამოირჩევა.
Renault 5 Alpine A290 - წლის ავტომობილი გახდა
წლის ავტომობილის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები უკვე ცნობილია. ავტო ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 2025 წლის გამარჯვებული შემდეგი ნომინანტებიდან გამოავლინა: 1 ადგილი - Renault 5 Alpine A290. 2 ადგილი Kia EV3. შემდეგ მოდიან, Citroën C3; Dacia Duster; Hyundai Inster; Cupra Terramar; Alfa Romeo Junior; გამარჯვებული ბრიუსელში გამართულ ავტოშოუზე გამოცხადდა. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, Renault-ის ხელმძღვანელმა ფაბრიკე კამბოლივიმა აუდიტორიას მიმართა: "ჩვენ ყველაზე უსაზღვროდ ამაყები ვართ ამ ჯილდოსთვის. თუ არსებობს ავტომობილი, რომელსაც ელექტრომობილების გარდაქმნის პოტენციალი აქვს, ის მართლაც ეს მოდელია." წლის მანქანის წოდება კვლავ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ რჩება ევროპაში. გამარჯვებულებს 23 ქვეყნიდან წარმოდგენილი 60 ავტოჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური ავლენს. წლის ავტომობილის გამოსავლენად, ავტოჟურნალისტები ევროპაში გამოშვებულ ყველა ახალ მანქანას აფასებენ. ჟიური გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით იღებს, მათ შორისაა: ზოგადი დიზაინი, კომფორტი, ეკონომია, უსაფრთხოება, მართვის გამოცდილება, წარმადობა, გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობა, ტექნიკური ინოვაცია, ფასი და მომხმარებლის კმაყოფილება.