ევროკავშირის კლიმატის სამსახურის, Copernicus-ის ინფორმაციით, წლევანდელი ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. Euronews-ის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო, კლიმატის მეცნიერები ახალი რეკორდის დამყარებას წელს აღარ ვარაუდობდნენ, თუმცა 2024 წლის აგვისტო გასული წლის მსგავსი იყო.
რეკორდულად ცხელი ზაფხულის გამო, Copernicus-მა წლის პროგნოზიც განაახლა და ვარაუდობს, რომ მთლიანად 2024 ასევე რეკორდულად ცხელი იქნება.
"იმისთვის, რომ 2024 წელი რეკორდული არ აღმოჩნდეს, მომდევნო რამდენიმე თვეში ლანდშაფტი მნიშვნელოვნად უნდა გაგრილდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა Copernicus-ის დირექტორმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გლობალური საშუალო ტემპერატურა 16.8 ცელსიუსი იყო, 0.03 გრადუსით მაღალი, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ Copernicus-ი ინფორმაციას 1940 წლიდან აგროვებს და სწორედ ამ ბაზას ადარებს მიმდინარე მონაცემებს, თუმცა სხვადასხვა ამერიკული, ბრიტანული თუ იაპონური ბაზები, რომელთა წარმოებაც ადრეული მე-19 საუკუნიდან დაიწყო, ასევე ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში საშუალო ტემპერატურა ყველაზე შესამჩნევად გაიზარდა.
კლიმატის ცვლილების შედეგები ევროპამ საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ივნისიდან გამოცადა, როდესაც თბურ ტალღას საბერძნეთში, თურქეთსა და კვიპროსში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალი ტემპერატურის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაშიც.