მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლისთვის რკინიგზის ტვირთბრუნვა 48 მლნ ტონამდე გაიზრდება - ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა

63e5ec20bbda7
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.23 11:13
1040
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ "საქართველოს რკინიგზისთვის" 2022 წელი მოგების თვალსაზრისით საუკეთესო წელი იყო და მოგებამ 283 მილიონი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა.

იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. „მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.

აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება“, - აღინიშნა შეხვედრაზე.

ამასთან საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს და ითქვა, რომ 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180-კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები