მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025-2030 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი იქნება - ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ამბობს, რომ ოპტიმისტურია მომავალი წლების ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლები და საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული კომენტარის თანახმად, ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც განაპირობებს ბოლო წლებში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

"სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი და დაბალანსებული, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი კი ჯანსაღია.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ლოგისტიკურ-სატრანსპორტო მიმართულების ფუნქცია გლობალურად იზრდება და მიწოდების ჯაჭვებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით განვითარებას. ასევე მისასალმებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება - რომ საქართველოს ეკონომიკა, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი ჯანსაღია. ფონდის შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.3% იქნება, რაც ფონდის მიერ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის კვლავ გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პრესრელიზის თანახმად, ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა 2025 წლის 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მიმართულებით არსებულ რეკორდულ შედეგებზე - ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 10% შეადგინა და მისი მოცულობა 6,6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, წელს იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ასევე რეკორდული იყო ექსპორტის მოცულობა ნოემბრის თვეში, ზრდამ 44% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ იზრდება საქონლით ექსპორტი, ასევე მნიშვნელოვნად სწრაფად მზარდია მომსახურების ექსპორტიც - ტრანსპორტის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა - 700 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ტურიზმის ექსპორტი 4,4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„იმისთვის, რომ ადგილობრივი საქონლის ექსპორტი გავზარდოთ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს არაერთი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური წარმოებები, რომლებიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეკონომიკური მაჩვენებლები ჯანსაღია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

"ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა “Eagle Hills” - ის პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სხვა ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი, რომელშიც, მისი ინფორმაციით, კერძო სექტორის დაინტერესება მზარდია. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად წაახალისებს ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციებს.

მინისტრის მოადგილის პროგნოზით, მომავალი 4 წელი საქართველოში ინვესტიციების შემოდინების კუთხით აქტიური და წარმატებული იქნება. ვახტანგ ცინცაძე, მათ შორის, ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადადის, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაზე",- აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები