მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას IFI-ები პროგნოზირებენ - ეკონომიკის სამინისტროში

ეკონომიკის სამინისტრო
28.02.25 15:12
537

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოლოდინით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. უწყება ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის კომენტარს ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე - ბანკის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა - საქართველოს დაახლოებით 2.3-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს.

„ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2024 წელს EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7.8%-ს ელოდებოდა, თუმცა ფაქტობრივი მაჩვენებლებით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, წელს არაერთი ახალი ინიციატივა იქნება გაჟღერებული, რომლებიც ხელს შეუწობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამმუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2025 წლის იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები