მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025-ში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 5%-ით შემცირდა | მოგება გაორმაგდა და ₾152 მლნ იყო

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

2025 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 612.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,5%-ით ნაკლებია. ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის კლება სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ეს კი თავის მხრივ 2025 წელს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების მოცულობას უკავშირდება, რაც 13.3 მილიონ ტონას შეადგენდა და 2024 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები იყო.

საქართველოს რკინიგზის თანახმად, შემოსავლის შემცირების მიუხედავად, ორჯერ გაიზარდა კომპანიის მოგება - და ის 152.7 მლნ ლარს შეადგენდა (2024 წლის წმინდა მოგება 68.2 მლნ ლარი). ფინანსური ანგარიშის თანახმად, მოგების გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორი არის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგება. საქმე ისაა, რომ საქართველოს რკინიგზას გააჩნია $500-მილიონიანი ევროობლიგაცია და რკინიგზის ფინანსურ დანახარჯებზე ამ ვალდებულების მოცულობის ცვლილება, რაც ლარში არის გამოხატული, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2025 წელს ლარს დოლართან გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რის გამოც, საქართველოს რკინიგზამ 56.4 მილიონი ლარის საკურსო მოგება მიიღო, 2024 წელს კი ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე ამ კომპონენტში საქართველოს რკინიგზას 55.7 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

გარდა ამისა, 2025 წელს შემცირდა საქართველოს რკინიგზის დანახარჯები - ელექტროენერგიის; საწვავის; სახარჯი მასალების და სხვა დანახარჯების მიმართულებით, რის გამოც კომპანიის მოგების მაჩვენებელი ამ მიმართულებიდანაც გაუმჯობესდა.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის საკადრო პოლიტიკას - ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჯამურად სახელფასო დანახარჯები გაიზარდა 5.6%-ით და მან 246.4 მილიონ ლარს მიაღწია. თავად დასაქმებულთა რიცხვი კი შემცირდა 10,719-მდე (კლება 1,021 ადამიანით). თუმცა ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზაში გაცემული საშუალო ხელფასი 1,829 ლარამდე, რაც ხელფასის 12.2%-იან მატებას წარმოადგენს.

კომპანიის მმართველობით ანგარიშში საუბარია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ინფრასტრუქტურის გახსნაზე, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ-მდე გაზარდოს. გარდა ამისა მითითებულია რომ ახალ ინფრასტრუქტურას აქვს ნაკლები აღმართის გრადიენტი და უფრო ფართო მოხვევის რადიუსი, რაც მატარებელთა მოძრაობის დაჩქარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამავე ანგარიშში საუბარია საერთაშორისო დონორებთან - მსოფლიო ბანკთან და ADB-თან მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებში 350 მილიონ დოლარად 45 ახალი ლოკომოტივის შეძენა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები