"2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები მოგვცა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის მთავარი მიღწევა იყო მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით ხელისუფლებამ უზრუნველყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან.
„2025 წლის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით უზრუნველვყავით იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან. მშვიდობის გარეშე არც ერთი ეს შედეგი არ იქნებოდა. ასევე, 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება. მთავრობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს განსაკუთრებით შეეხო ჩვენს ეკონომიკურ და სამართალდამცავ გუნდს. სამართალდამცავი მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გვაქვს უპრეცედენტო შედეგები. რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ბლოკის დამსახურება და იმ ახალი სახეების დამსახურება, რომელიც ჩვენს გუნდში არიან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი. მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა და ამან მოგვიტანა კონკრეტული შედეგები. ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა. ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტი წარმატებით ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, 2025 წელი იყო ძალიან პრინციპული, სისტემის გადაწყობის თვალსაზრისით, და ამ ყველაფრის შედეგებს, საზოგადოება ხელშესახებად იგრძნობს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მილიარდ ლარს, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 დოლარს.
„100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 30 000 აშშ დოლარს. ასევე, სავარაუდოდ, სავალუტო რეზერვები გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ აშშ დოლარს. უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგებით ვასრულებთ 2025 წელს. ბუნებრივია, ეს ზრდა აისახა პირდაპირ ბიუჯეტის ზრდაზე და ამან მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ სოციალური სფერო და ბიუჯეტის მესამედზე მეტი მოხმარდება სოციალურ დანახარჯებს, ეს არის, მათ შორის, ჯანდაცვის დანახარჯები, ეს არის პენსიები, სოციალური შემწეობები და ა.შ. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება სერიოზული დაფინანსება, 8.2 მლრდ ლარი იქნება დაახლოებით მთლიანი კაპიტალური დანახარჯები, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და ეს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, განათლების რეფორმა, რასაც თავისი ბიუჯეტი სჭირდება და ესეც გათვალისწინებული და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა მიმართულებით გვექნება თანმიმდევრული ზრდა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის დამატებით სტიმულირებასა და განვითარებას, რაც არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი,“- განაცხადა კობახიძემ.




























