"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ 2025 წელი ქვეყნისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე და გარდამტეხი აღმოჩნდა, რამდენადაც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის არაერთ სფეროში დაიწყო რეფორმის სრულიად ახალი და ღრმა პროცესი. მარიამ ქვრივიშვილმა ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პროცესში.
„2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე და გარდამტეხი აღმოჩნდა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის არაერთ სფეროში რეფორმის სრულიად ახალი და ღრმა პროცესი წამოვიწყეთ. ეს შეეხო საწარმოთა ოპტიმიზაციას, მიმდინარე ვალდებულებების, კონტრაქტების და გეგმების რევიზიას, ხარვეზების აღმოჩენას, აღმოფხვრას, ბევრგან სისტემურ ცვლილებას, ბევრგან კი სუფთა ფურცლიდან პროცესის განახლებას. ერთ-ერთი ასეთი ნიშანდობლივი პროექტია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური - 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა. საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა - გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვესადგურები, ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების და ბლოკირების ახალი სისტემები. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა - 1 მილიარდის ლარის ოდენობით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს და აიოლებს გადამზიდავთა საქმეს და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს. შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად გამორჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში.
"ამ კომპონენტების გარეშე, შუა დერეფანი, რომლის შეუცვლელი ნაწილიც საქართველოა, გამართულად ვერ იფუნქციონირებს და მიმზიდველობას დაკარგავს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს.
"შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. ასე ვითარდება შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, რომლის შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის საუღელტეხილო მარშრუტის მოდერნიზაცია მოიცავს 40 კილომეტრზე მეტ სარკინიგზო მონაკვეთს, აშენდა 6 გვირაბი, 10 ხიდი, 3 სადგური და სხვა მრავალი საკვანძო ინფრასტრუქტურა.
მოდერნიზაციის პროექტზე საქართველოს რკინიგზის და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ერთობლივმა გუნდმა იმუშავა, რომელმაც ურთულეს გეოლოგიურ პირობებში უზრუნველყო სამუშაოების ხარისხიანი, თანამედროვე სისტემებით შესრულება. პროექტს ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF Consulting Engineers და Deutsche Bahn Engineering უწევდა.




























