მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი სახელმწიფო კომპანიების ხარჯზე მოახერხა "ოცნებამ" ₾701 მილიონის "ეკონომია"?

ქვრივიშვილი და კობახიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში ჯამური დანაზოგი 700,980,541 ლარია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, თითქმის 701 მილიონი ლარის დაზოგვა საქართველოს რკინიგზის“ და ენერგეტიკული საწარმოების ხარჯზე მოხერხდა, მაგრამ - კონკრეტულად რომელი ენერგეტიკული კომპანიების, არ დაუკონკრეტებიათ.

„საქართველოს რკინიგზის“ წილი არის 279,722,780 ლარი, ხოლო ენერგეტიკული კომპანიების - 373,339,303 ლარი“, - ამბობენ სამინისტროში.

საქართველოს რკინიგზა ელმავლების შეკეთებაზე რუსეთის ქარხნებთან $114-მილიონიან კონტრაქტს $37 მილიონამდე ამცირებს

მისივე ცნობით, 701 მილიონის დაზოგვა სახელფასო ხარჯების, შესყიდვებისა და პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად მოახერხეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი მიმართულებით რამდენის მილიონი ლარის ეკონომია შეძლეს. BMG ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი კითხვებით კიდევ ერთხელ მიმართავს.

ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა კომპანიების განვითარებას, უფრო მაღალეფექტიანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს რკინიგზაში, ასევე ენერგეტიკულ და სხვა კომპანიებში განხორციელებული ოპტიმიზაცია არ მომხდარა პროექტების შეჩერების ხარჯზე“, - აცხადებენ მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში.

ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ხშირად იმეორებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხა ისევ სახელმწიფო კომპანიების განვითარებას მოხმარდება. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,“- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის: "ოცნების მთავრობაში" ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია 1 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. „1000-ზე მეტია, თუ სწორად მახსოვს, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს ეს რიცხვი. ნაწილი გაუშვეს, ნაწილი დაგეგმილი იყო აყვანა და ოპტიმიზაციის შემდეგ აღარ აიყვანეს" - უთხრა BMG-ის გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები