ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა. BMG დაინტერესდა რის ხარჯზე გაკეთდა დანაზოგი და სად მიიმართება ეს თანხა, ასევე რამდენ ადამიანს შეეხო ოპტიმიზაცია.
როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, დეტალურად კომპანიების მიხედვით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ჯამურად თანხა დაიზოგა საკადრო ოპტიმიზაციიდან, შესყიდვებიდან და ადმინისტრაციული ხარჯებიდან. მისი განმარტებით, ოპტიმიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, სადაც მოიაზრება როგორც გაშვებული თანამშრომლები, ასევე ვაკანსიები, რომლებიც გაუქმდა.
"პრემიერს ჰქონდა ამაზე განცხადება, ეს სახელმწიფო საწარმოებიa. ეს არის როგორც კადრების ოპტიმიზაცია სახელმწიფო საწარმოებში, ასევე არის გარკვეული შესყიდვების ნაწილში, უფრო სწორი ჩამოყალიბება იმ მოთხოვნების, რაც ჰქონდათ საწარმოებს და შესაბამისად, რა ეკონომიებიც წარმოიშვა. ჯამური მონაცემები რაც გვაქვს არის ნაწილი საკადრო ოპტიმიზაციიდან, რომელმაც წლიურად მოგვცა გარკვეული დანაზოგი და ასევე იმ შესყიდვებიდან, რომელიც დაგეგმილი იყო უფრო მაღალი მოცულობით, თუმცა საბოლოო ჯამში დეტალური განხილვის შემდეგ, რაც განახლებული სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა, უფრო ნაკლები დაჯდა. ასევე ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები და ოპტიმიზაცია გარკვეულ პროცესებში თითოეულ საწარმოსთან მიმართებით. დეტალურად ამაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ თითოეულ საწარმოს მენეჯმენტში ნამდვილად არა ვარ ჩახედული.
[კადრების ოპტიმიზაციით] 1000-ზე მეტია, თუ სწორად მახსოვს, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს ეს რიცხვი. ნაწილი გაუშვეს, ნაწილი დაგეგმილი იყო აყვანა და ოპტიმიზაციის შემდეგ აღარ აიყვანეს", - უთხრა BMG-ის გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, თითოეულ საწარმოში წარმოქმნილი ეკონომია მოხმარდება ისევ იმ საწარმოს საჭიროებებს.
"მაგალითად, რკინიგზაში თუ ოპტიმიზაცია გაკეთდა რამე, რა თქმა უნდა, რკინიგზის საჭიროებებს მოხმარდება და არ მოხდება ამ რესურსის გადატანა სხვა საწარმოების სუბსიდირებისთვის. ეს არის ძირითადი, რაზედაც დაიხარჯება.
ოპტიმიზაცია მოხდა, სადაც შესაძლებელი იყო ამ ეტაპისთვის და მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კიდევ იყოს როგორც ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე თვითონ პროცესების უფრო გაჯანსაღების კუთხით, შესაბამისად მივიღოთ მომავალ წლებში უფრო ეკონომია და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის, საწარმოები იყოს ჯანსაღი და მათ ეკონომიკაში ჰქონდეთ დადებითი წვლილი",- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება ერთხელ დააანონსა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცალ-ცალკეც საწარმოებიდანაც გამოითხოვა და შემდეგ (2025 წლის 21 ივლისს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდანაც, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაციის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, თუმცა პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. bm.ge-ის კითხვები ეხება "საქართველოს რკინიგზაში" განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგებს, კერძოდ, სულ რამდენი მილიონი ლარია დაზოგილი წლიურად, ძირითადად ვის/რის ხარჯზე და რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს. ასევე, რა შედეგით დასრულდა ოპტიმიზაცია ენერგეტიკულ საწარმოებში. გარდა ამისა, Bm.ge-ის აინტერესებს, ამ ეტაპზე რომელ კომპანიებში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული ან/და სად იგეგმება.




























