2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 11 სამინისტროდან 10-ს დაფინანსება ეზრდება. გამონაკლისია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის ასიგნებები, 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, მცირდება.
პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 მლრდ 46 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 მლრდ 16 მლნ ლარით მეტია.
უფრო დეტალურად, სამინისტროების მიხედვით ასიგნებები ასე გამოიყურება:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 მლრდ 700 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 870.9 მლნ ლარით.
- განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 მლრდ 885 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 377 მლნ ლარით.
- კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 515 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 43 მლნ ლარით აღემატება.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2024 წელთან შედარებით 200,7 მლნ ლარით მცირდება და 3 მლრდ 200 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 მლრდ 326 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 855,5 მლნ ლარი.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 745 მლნ ლარს, რაც 57 მლნ ლარით მეტია 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ლარი, რაც 199 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
- ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121 მლნ ლარს, რაც 2024 წლის გეგმას 7 მლნ ლარით აჭარბებს.
- იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 2024 წლის გეგმაზე 13 მლნ ლარით მეტი და შეადგენს 427 მლნ ლარს.
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი, რაც 12,5 მილიონით აჭარბებს 2024 წლის გეგმას.
- თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მლრდ 600 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 220 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მლრდ 350 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 90 მლნ ლარით აღემატება და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
რაც შეეხება სხვა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსებას:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 226 მლნ ლარი;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 108 მლნ ლარი;
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაფინანსება შეადგენს 5,1 მლნ ლარს;
პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 68 მლნ ლარი;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გათვალისწინებულია 19 მლნ ლარი;
სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 174,7 მლნ ლარი, მათ შორის:
- საკონსტიტუციო სასამართლო - 6,8 მლნ ლარი;
- უზენაესი სასამართლო - 18,8 მლნ ლარი;
- საერთო სასამართლოები - 138,5 მლნ ლარი;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10,6 მლნ ლარი;
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 13,7 მლნ ლარი;
სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 10,3 მლნ ლარი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 8,5 მლნ ლარი;
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 104 მლნ
ლარს;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 23,3 მლნ ლარი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება შეადგენს 125,3 მლნ ლარს;
მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება შეადგენს 29 მლნ ლარს;
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებულია 10 მლნ ლარი;
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება ჯამში შეადგენს 11,6 მლნ ლარს.