ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2025 წლისთვის.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 11 სამინისტროდან 10-ს დაფინანსება ეზრდება. გამონაკლისია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის ასიგნებები, 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, მცირდება.
როგორც კაკაურიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა, მიზეზი მაგისტრალების მიმართულებით პროექტების ნაწილის დასრულებაა.
„უწყებების ბიუჯეტი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის გაზრდილი. გამონაკლისია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვინაიდან წელს დარჩენილ პერიოდში არაერთი მიმართულებით ავტომაგისტრალის გახსნა იქნება. გვქონდა შესაბამის წლებზე გაწერილი ბიუჯეტი მაგისტრალების ნაწილში რის შედეგადაც, უკვე წელს მთავრდება მათ შორის რიკოთის მაგისტრალის უდიდესი ნაწილი.
ამიტომ, ის თანხები, რომლებიც გამოთავისუფლდა მაგისტრალების მშენებლობიდან, ამ ეტაპზე გარკვეული ნაწილი გადანაწილებულია წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ნაწილობრივ არის ჯერჯერობით შემცირებული, თუმცა ვმუშაობთ არაერთ მიმართულებაზე. ორი ახალი გზა არის ჩადებული, რომელზე მუშაობაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს არის სადახლოსა და წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალების მშენებლობა, დანარჩენი პროექტები, მათ შორის ბათუმი-სარფის მიმართულება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. გაცხადებული გვაქვს, რომ ყველა გზა იქნება დაფინანსებული, მაგრამ 2025 წელს ზუსტად რომელი გზის მშენებლობა დაიწყება ამაზე გადაწყვეტილებას რესურსებიდან გამომდინარე მივიღებთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.