ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვები უფრო ინტენსიური ხასიათის გახდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში არ მუშაობდა და 2025 წლიდან ამ სარკინიგზო ხაზით გადაზიდვები ინტენსიური გახდება.
„უკვე მიღწეულია შეთანხმება ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ საქართველოს რკინიგზასთან ერთობლივი კომპანია BTKI Railways შექმნეს.
„კომპანია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. BTKI Railways მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლოატაციისა და ინფრასტრუქტურული გამართულობის უზრუნველყოფის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების ეფექტურ გადაზიდვებსა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე იმუშავებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევა ასევე მიმართული იქნება რეგიონალური სატრანსპორტო კავშირების გამყარებასა და შუა დერეფნის პოტენციალის გაღრმავებაზე“, - განაცხადა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ჩინეთს შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობის გაზრდა სურს. „ჩინეთიდან გამოგზავნილი ბლოკმატარებლების რაოდენობა ჩვენს მოლოდინს აჭარბებს. წელს დერეფნის გავლით 190 ბლოკმატარებელმა გაიარა, წლის შედეგების მიხედვით კი 250 ბლოკმატარებლის გატარებაა მოსალოდნელი. მომავალ წელს ჩინეთი დერეფნით თვეში 50 ბლოკმატარებლის გაგზავნას გეგმავს. ტვირთების გაგზავნა ჩინეთის აღმოსავლეთიდან შუა დერეფანში უკვე დაწყებულია“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.