მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ანკარას მიმართულებით სამგზავრო ჩქაროსნული მატარებლის მიმოსვლა განიხილება

მატარებელი

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის, შესაძლოა, სამგზავრო ჩქაროსნული მატარებლის გადაადგილება დაიწყოს, - ამის შესახებ სს აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა ტრანსპორტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა  ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.

ფარაჯოვის თქმით, საუბარი შეეხება საძილე ტიპის სამგზავრო მატარებელს, რომლის მწარმოებელიც Stadler Rail Group-ია.

თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო გადაადგილება ამ ეტაპზე შეჩერებულია, აზერბაიჯანის მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო. აღნიშნული შეზღუდვა ბაქომ უკანასკნელად მიმდინარე წლის ივნისში გაახანგრძლივა, 2 ოქტომბრამდე. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით ხდება.

სამ ქვეყანას შორის მგზავრთა რკინიგზით გადაადგილება მხარეებმა შარშან აგვისტოშიც გააჟღერეს, თბილისში შეხვედრისას. როგორც თურქეთის იმდროინდელმა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, „ჩვენ ყოველთვის ტვირთის გადაადგილებას განვიხილავთ. რატომ არ უნდა განვიხილოთ მგზავრთა ტრანსპორტირება, როდესაც უახლოეს წლებში ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა იქნება?!"

საქართველოდან თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ხორციელდება, რომლის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2017 წელს ოფიციალურად გაიხსნა. რკინიგზის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 246 კმ საქართველოს, 79 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

ცნობილია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის რეკონსტრუქციის დასაჩქარებლად ბაქომ ორიოდე თვის წინ ახალი კონტრაქტორები მიიზიდა და დამატებითი დაფინანსებაც კი გამოყო. ეს სამუშაოები მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში ასევე 2017 წელს შევიდა. რკინიგზის ეს მონაკვეთი მთიანი და ტყიანი უბნების რთულ რელიეფზე გადის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები