მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საქართველოს სარკინიგზო ტვირთნაკადის 1%-იც არ მოდის

ბაქო-თბილისი-ყარსი

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე საქართველოს რკინიგზის მთლიანი დატვირთვის 1%-იც არ მოდის, ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც ახალქალაქის სადგურის გავლით, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში შემოვიდა 13,000 ტონა და გავიდა 9,000 ტონა ტვირთი, რაც მთლიანად რკინიგზის ტვირთბრუნვის - 10,400,000 ტონის ერთ პროცენტსაც არ შეადგენს.

საქართველოს რკინიგზის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის დატვირთვა გაცილებით უფრო დიდი იყო და ქვეყანაში ამ გზით ამავე პერიოდში შემოვიდა 36,000 ტონა ტვირთი და გავიდა 56,000 ტონა ტვირთი, რაც წელს დატვირთვის 76%-იან კლებას წარმოადგენს.

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე ნაკლები მოცულობის სატვირთო კვეთა სწორედ ახალქალაქის სადგურზე ფიქსირდება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთს წარმოადგენს. ხოლო ყველაზე მეტი მოცულობის - 6.1 მილიონი ტონა ტვირთი ქვეყანაში შემოდის აზერბაიჯანის ბუიუკ კასიკის სადგურიდან და ამავე სადგურიდან გადის 1.2 მილიონი ტონა ტვირთი;

მეორე ადგილზეა ფოთის პორტი, რომლის მეშვეობითაც 2024 წლის 9 თვეში შემოვიდა 1.15 მილიონი ტონა და გავიდა 1.66 მილიონი ტონა საქონელი, ფართო წყლის (ყულევის) სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა 106 ათასი ტონა და გავიდა 1.7 მილიონი ტონა ტვირთი, სადახლოდან შემოვიდა 258 ათასი ტონა და გავიდა 526 ათასი ტონა, ხოლო ახალქალაქის რკინიგზის სადგურიდან შემოვიდა 13 ათასი ტონა და გავიდა 9 ათასი ტონა ტვირთი.

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ტექნიკური დიზაინი წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას მოიცავს. პროექტის საქართველოს მონაკვეთი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სესხით, აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს, რომლის ჯამური სასესხო დაფინანსება 775 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.

აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები