მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თვითმფრინავები ემსახურებიან საქართველოს და სხვა ქვეყნების ლიდერებს?

ირაკლი ღარიბაშვილი თვითმფრინავი

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი ვიზიტისთვის სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების საკითხი აქტუალურად განიხილება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენის მიმართულებით ჩარტერული ფრენისთვის 34 ათასი ევრო ღარიბაშვილის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

საუბარია  Bombardier Challenger 850-ით 19 და 28 აგვისტოს თბილისი-მიუნხენის, მიუნხენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ ფრენებზე. საქართველოს მთავრობას 2005 წელს, კანადაში წარმოებული თვითმფრინავი ემსახურება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის თანახმად, ხომალდის მფლობელია “ჯორჯიან ეარვეისი”, თუმცა ის წლებია სახელმწიფო დავალებების შესაბამისად, მაღალი თანამდებობის პირების ფრენებისთვის გამოიყენება. ხომალდის ოპერირებისა და ექსპლოატაციის საფასურს სახელმწიფო დაცვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო იხდის. ამასთან უცნობია რამდენი მილიონი ლარი უჯდება სახელმწიფოს ყოველწლიურად ამ თვითმფრინავის ოპერირება. ამჟამად აღნიშნული თვითმფრინავის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი დოლარია.

რა თვითმფრინავები ემსახურებიან სხვა ქვეყნების ლიდერებს:

სომხეთი - Airbus A319

სომხეთის პრემიერ-მინისტრს 2014 წლიდან Airbus A319-ი ემსახურება. ხომალდი 24 წლის წინ არის წარმოებული.

აზერბაიჯანი - Airbus A340

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავები ემსახურებიან. მათ შორის ალიევი ვიზიტებს  Airbus A340-600-ით, Gulfstream G550-ით და Airbus A319-ით ახორციელებს. 


თურქეთი - Boeing 747, Airbus A340 და Airbus A330

თურქეთის მთავრობის სარგებლობაშია 11 თვითმფრინავი, მათ შორის ყველაზე დიდია Boeing 747, რომელიც ქვეყანას კატარის ემირმა აჩუქა და რომელსაც შემდგომ შესაბამისი მოდიფიკაცია ჩაუტარდა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამ ბორტის გარდა სხვა ხომალდებითაც ახორციელებს საერთაშორისო ვიზიტებს.

უკრაინა - Airbus A319

უკრაინის მთავრობის სარგებლობაშია ორი ხომალდი Airbus A319-100 და Antonov An-148. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ვიზიტებს სწორედ ამ ხომალდებით ახორციელებდა.

პოლონეთი - Gulfstream G550, Boeing 737-800

პოლონეთის მთავრობას ხუთი თვითმფრინავი ემსახურება, მათ შორისაა Gulfstream G550, Boeing 737-800 და Dassault Falcon 20.

დიდი ბრიტანეთი - Airbus A330

დიდი ბრიტანეთის მთავრობა და სამეფო ოჯახი საჰაერო ძალების საკუთრებაში არსებული Airbus A330-ით, ასევე ორი Dassault 900LX-ით და Airbus A321-ით დაფრინავს.

გერმანია - Airbus A350

გერმანიის მთავრობას 15 თვითმფრინავი ემსახურება, მათ შორისაა ერთი Airbus A350-900, ორი Airbus A340-313X, ორი Airbus A319-133X CJ, Airbus A321-200 და სხვა თვითმფრინავები.

საფრანგეთი - Airbus A330-200

საფრანგეთის მთავრობას 10-ზე მეტი თვითმფრინავი ემსახურება, მათ შორისაა ოთხი Airbus A330-200, ორი Dassault Falcon 7Xs, ორი Dassault Falcon 900s და სხვა ბორტები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები