საქორწილო მომსახურების ცენტრმა DRESSCODE, რომელიც ბაზარზე 11 წელია ოპერირებს, 2025 წელი წარმატებული შედეგებით დახურა. კომპანიის განცხადებით, გაყიდვები 2024 წელთან შედარებით მინიმუმ 30%-ით გაიზარდა.
როგორც BM.GE-სთან DRESSCODE-ის დამფუძნებელი ხათუნა დოჭვირი აცხადებს, გასული წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაიზარდა, ცენტრმა ფასები არ გაზარდა და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა შეინარჩუნა.
"2025 წელი ძალიან აქტიური იყო, ალბათ საუკეთესო, რაც კი გვქონია. ფასები არ დაგვიკორექტირებია, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი გაძვირდა", - აღნიშნავს დოჭვირი.
DRESSCODE-ში საქორწილო კაბის ქირის ფასი 500 ლარიდან 2 000 ლარამდე, ხოლო შეძენა 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობს და კაბის მოდელზეა დამოკიდებული. კომპანიის ინფორმაციით, მოთხოვნა მაღალი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან. გაყიდვებში ქართველების წილი 70%-ს, ხოლო უცხოელების - 30%-ს შეადგენს. განსაკუთრებით აქტიური იყო მომხმარებელი ისრაელიდან, ირანიდან და იტალიიდან, ინდოელების წილი კი მინიმალური იყო.
"ჩვენი გაყიდვების სტრუქტურაში ქართველი მომხმარებლების წილი 70%-ს, ხოლო უცხოელების - 30%-ს შეადგენს. გასულ წელს, მკაფიოდ გამოიკვეთა მომხმარებელთა გაზრდილი მსყიდველუნარიანობა.
წინასწარი ჯავშნები, როგორც წესი, 6 თვით ადრე იწყება - ამ ეტაპზე აპრილის ჯავშნები თითქმის სრულად შევსებულია. 2025 წელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2024 წელს: მომხმარებელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიამ მინიმუმ 30%-იანი ზრდა დააფიქსირა", - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ 2025 წელს ინფრასტრუქტურული გაფართოებაც განახორციელა - არსებული სივრცე გააფართოვა და სრულად განაახლა. ბათუმში ფილიალის გახსნის გეგმა კი დროებით გადაიდო.
„თბილისში „დრესკოდი“ უკვე კარგად ცნობილია და მომხმარებლები რეგიონებიდანაც თავისუფლად ჩამოდიან. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი, ერთი ფილიალით შევძელით“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, 2026 წელს DRESSCODE საერთაშორისო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. კომპანიას სხვადასხვა ქვეყნისგან, მათ შორის გერმანიისგან, მიღებული აქვს მოწვევა მოდის კვირეულებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ბრენდის გლობალურ პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს.




























