კომპანია “ასკანელში” აცხადებენ, რომ 2025 წელს მათი ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა, თუმცა უცხოეთში გაყიდვები შემცირდა.
როგორც კომპანიის დირექტორმა BMG-სთან განაცხადა, საექსპორტო ფასის ზრდა იმითაა განპირობებული, რომ კომპანია მეტ აქცენტს აკეთებს შედარებით მაღალი სეგმენტის ღვინოზე. რაც შეეხება საექსპორტო მოცულობების შემცირებას, ძირითადი მიზეზი რუსეთის ბაზარზე გაყიდვების კლებაა. ეს კი თავის მხრივ, აქციზის გადასახადის ზრდითაა გამოწვეული.
„ასკანელში“ ამბობენ, რომ გასულ წელს სხვა ბაზრებზე, მათ შორის აშშ-სა და აზიის ქვეყნებში, კომპანიას ექსპორტი გაეზარდა.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2.91-დან 2.98 დოლარამდეა ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გაზრდილი, რაც დაახლოებით 2.5%-იანი ზრდაა. "ასკანელის" შემთხვევაში, 2024 წელთან შედარებით საშუალო ფასი გაზრდილია თითქმის 5%-ით სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, თუმცა უსიამოვნოა ის, რომ ჯამურად ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. "ასკანელი" ინდუსტრიული კომპანიაა და ყველა ინდუსტრიული კომპანიისთვის ძირითადი ბაზარი მაინც ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცეა, რომელიც ქმნის ამ მოცულობას. მაინც სასიხარულოა ის, რომ იქაც კი გაზრდილია საშუალო ფასი. ისევე როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში, ჩვენთანაც არის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, პოლონეთში, რუსეთში...
რეალურად [საექსპორტო] მოცულობის კლება გამოწვეულია უფრო დაბალფასიანი ღვინოების გაყიდვის შემცირებით. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით ფასის ხარჯზე გაყიდვების გაზრდას. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ იაფიან ღვინოებზე ფასდაკლებებს არ ვაკეთებდით და უფრო მეტად ვყიდით მაღალფასიან ღვინოებს, რამაც გამოიწვია საშუალო ფასის ზრდა.
[აქცენტს ვაკეთებთ] მაღალ კატეგორიაზე, მაღალხარისხიანზე, რომელმაც პრინციპში კომპანიის მოგებიანობა გაზარდა, თუმცა მოცულობები შემცირებული გვაქვს. მთლიანად კომპანიისთვის ჯამურად მატება გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ღვინოს, არამედ ბრენდის, ჭაჭას ვაწარმოებთ. ჯამურად გაზრდილები ვართ, თუმცა ღვინის ნაწილი შემცირებულია, ისევე როგორც მთლიანად სექტორი საქართველოში.
ძირითადი მიზეზი ჩვენს შემთხვევაში რუსეთის ბაზარზე [გაყიდვების] შემცირებაა, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის გაყიდვებში რუსეთის წილმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა. საშუალოდ 14%-იანი კლება გვაქვს ღვინოში ჯამურად. თუმცა არის ქვეყნები, სადაც გავიზარდეთ - აზიის ბაზრებზე, ამერიკა, თუმცა ეს მოცულობები იმდენად პატარაა, რომ რუსეთის კლებას ვერ აბალანსებს ვერანაირად. [რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირების] ძირითად მიზეზი ფასის ზრდაა თაროზე, რომელმაც მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი შეამცირა”, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
რაც შეეხება უკვე მიმდინარე წლის გეგმებს, “ასკანელში” ამბობენ, რომ წელს კომპანიის გეგმებში ღვინის ექსპორტის ზრდაა ჩადებული.
“ჩვენ უკვე გავაკეთეთ 2026 წლის გეგმები და კლებას არ ვუშვებთ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ სხვა ბაზრებზე, აზიურ, ევროპულ, ამერიკულ ბაზრებზე უნდა გავიზარდოთ მინიმუმ 15-20%-ით. რუსულ ბაზარზე ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის მოცულობები, რაც გვქონდა. შესაბამისად, ჯამურად ზრდას ვგეგმავთ. თუმცა ვნახოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ ციფრებში გამოხატული რუსული ბაზარი შარშან ქართული ღვინისთვის დაახლოებით12 მილიონი ლიტრით შემცირდა. ეს გაცილებით დიდია, ვიდრე მეორე, პოლონური ბაზარია. შესაბამისად, იქ კლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯამურ გაყიდვებზე”, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი ჯამურად თითქმის 3%-ით 268 მლნ დოლარამდე შემცირდა. კლების ძირითადი მიზეზი რუსეთში გაყიდვების შემცირებაა. გასულ წელს საქართველოდან ამ ბაზარზე სულ 170.6 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 182.6 მლნ იყო.




























