მსოფლიოს უდიდესი კომპანიების 21-ე საუკუნის მთავარ ტექნოლოგიაში ინვესტირებას განაგრძობენ. ამ ტენდენციას არც Google-ი ჩამორჩა, რომელიც მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაახლოებით $75 მილიარდს დახარჯავს. გამომდინარე იქიდან, რომ AI-მოდელების განვითარებას დიდძალი ენერგია და მძლავრი პროცესორებით აღჭურვილი დატაცენტრები სჭირდებათ, Google-ის კაპიტალური დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის პროექტებისკენ იქნება მიმართული, რაც, ბოლო წელიწადში, სილიკონის ველზე ფაქტობრივ მოცემულობად ჩამოყალიბდა.
კაპიტალური დანახარჯების, ანუ დიდ სამომავლო ზრდაზე ორიენტირებული დიდძალი ინვესტიციების ტენდენციის ყველაზე ნათელი მაგალითი $500-მილიარდიანი პროექტია, რომელიც OpenAI-მ, Oracle-მა და SoftBank-მა თეთრ სახლში დააანონსეს. გამომდინარე იქიდან, რომ OpenAI-ის დიდი ენობრივი მოდელების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი Microsoft-ი იქნება, ამ ტენდენციას ვერც Google-ი ჩამორჩება, რომელიც დღეს ინტერნეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს და სურს, რომ ეს როლი მომავალშიც ჰქონდეს.
თან, მნიშვნელოვანია დავინახოთ მასშტაბი, Google-ის მოწადინების მასშტები, რადგან 2023 წელს CapEx-ზე დახარჯული $32.3 მილიარდის შემდეგ, Google-ის რიგებში დიდძალ ფინანსურ მობილიზებას ვხედავთ. კონკრეტულად რა მიმართულებებზე ან პროექტებზე დაიხარჯება ეს თანხა Google-ის მენეჯემენტს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ტექნოლოგოიურ სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით $75 მილიარდი, სავარაუდოდ, თითქმის სრულად ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოხმარდება, რადგან AI-ის განვითარების კუთხით ჩამორჩენა Google-ისთვის, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ Google-ის შემოსავალზე, რომელმაც გასულ კვარტალში წლიურად 12%-ით იმატა და $96.5 მილიარდი შეადგინა. აგრეთვე გაიზარდა Google-ის ქლაუდბიზნესის შემოსავალი, რაც დიდწილად, სწორედ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება — ამ მხრივ, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც რიცხვებში $12 მილიარდის ტოლია. დღეს, Google-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.28 ტრილიონია და ამ მაჩვენებლით ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული კომპანია მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.
შემოსავლის ზრდა იმ პროდუქტებს და სერვისებს უკავშირდება, რომლებიც Google-მა წინა თვეებში წარმოადგინა, მათ შორისაა ChatGPT-ის მსგავსი ენობრივი მოდელი Gemini 2.0, Chrome-ის ბრაუზერში კონკრეტული დავალებების შემსრულებელი AI-აგენტი Project Mariner-ი და ინტერნეტში კვლევის ჩასატარებლად შექმნილი ხელსაწყო Deep Research. ამასთან, წინა კვარტალში Google-მა ჭკვიანი სათვალეებისთვის Android-ის ახალი ოპერაციული სისტემა წარმოადგინა. გასული წელი ასევე კარგად დაიხურა Waymo-სთვის, რომელიც ავტოპილოტის ტექნოლოგიას ავითარებს.




























