"2025 წელს ჰიდროსადგურებში შემცირებული გენერაცია და გაზრდილი მოხმარება იმპორტის ზრდით დაკომპენსირდა", - ამის შესახებ BMG-ის Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა განუცხადა.
2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. მოხმარებისგან განსხვავებით შარშან დენის გამომუშავება შემცირდა. ჯამში დაახლოებით 13.8 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავა ქვეყნის ელექტროსისტემამ, რაც თითქმის 3%-იანი კლებაა 2024 წელთან შედარებით.
"მოხმარების ნაწილში მართლაც დაფიქსირდა ზრდა და თუ ცალკე დავაკვირდებით, ეს ზრდა ძირითადად ორგანული იყო. კერძოდ, ენერგო-პრო ჯორჯიასა და თელასის ქსელებში მოხმარება სწორედ ამ ნიშნულით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლებს, აქ 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო აფხაზეთის რეგიონში მცირე კლება იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგო-პრო და თელასის ზრდა კარგად აჩვენებს, რა არის ამ სექტორის ორგანული ზრდის მაჩვენებელი და ის ნამდვილად 3.5%-ს შეადგენს.
მეორე მხარეს გვაქვს მიწოდების საკითხი. წლიური ბალანსის ფორმირებაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, როგორც წესი, ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, ამინდზე და ნალექების რაოდენობაზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2025 წელს ჰიდროსადგურების ჯამურ გენერაციაში მცირედი კლება დაფიქსირდა, ძირითადად ენგურის ჰესისა და მარეგულირებელი სადგურების ხარჯზე.
ამის ასახსნელად უნდა აღინიშნოს, რომ ენგურის ჰესს პირველ კვარტალში შედარებით ცუდი გამომუშავება ჰქონდა, რადგან წელი დაბალი ნიშნულით დაიწყო. წინა წელს ენგურს მაღალი გენერაცია ჰქონდა, ხოლო შარშანდელი ნალექები იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. შესაბამისად, პირველი კვარტალი ენგურმა შედარებით დაბალი გენერაციით დაიწყო, რამაც გავლენა მოახდინა მთელი წლის ბალანსზე. განსაკუთრებით დიდი ჩამორჩენა სწორედ პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო წლის ბოლოსთვის ეს ჩამორჩენა ნაწილობრივ დაკომპენსირდა.
ამავე დროს, ჰიდროსადგურების ნაწილში ზრდა დაფიქსირდა დერეგულირებულ, ანუ ახალ სადგურებში. ეს უკავშირდება იმას, რომ შარშან სისტემას დაემატა ორი შედარებით მსხვილი ელექტროსადგური მტკვარი ჰესი და ხობი 2 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 90 მეგავატია და უკვე გარკვეულ გავლენას ახდენს ბალანსზე. 2025 წელს კი სისტემას მხოლოდ მცირე სიმძლავრის სადგურები დაემატა, რამაც მნიშვნელოვანი განსხვავება ვერ მოგვცა, თუმცა მთლიანობაში დერეგულირებული ჰესების სეგმენტში ზრდა მაინც შეინიშნება", - ამბობს ჩახვაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შარშან თბოსადგურებმა დაახლოებით 2.8 მლრდ კვტ,სთ ელექტროენერგია, 11 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია კი ჰესებმა გამოიმუშავეს. 2024 წელთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყაროა, 3%-ით არის შემცირებული.
"მესამე კატეგორია, რომელიც წლიურ ბალანსს განსაზღვრავს, არის თბოსადგურები და იმპორტი. ეს ორი წყარო ერთმანეთს ენაცვლება იმის მიხედვით, რომელს აქვს უკეთესი ფასი, რომელი არის ტექნიკურად ხელმისაწვდომი ან რა შეთანხმებები არსებობს მეზობელ ქვეყნებთან. 2025 წელს თბოსადგურების გენერაციაში წლიურად მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა პირიქით, მცირე შემცირება იყო, ხოლო იმპორტის ნაწილში ზრდა აღინიშნა.
საბოლოო ჯამში, ჰიდროსადგურებში შემცირებული გენერაცია და გაზრდილი მოხმარება დაკომპენსირდა იმპორტის ზრდით. ძირითადად ისევ რუსეთიდან, თუმცა გარკვეული მოცულობა შემოვიდა აზერბაიჯანიდანაც. თურქეთიდან ელექტროენერგიის შემოდინება დაფიქსირდა მხოლოდ დეკემბერში და იმდენად მცირე მოცულობით, რომ მას კომერციულ იმპორტად ვერ განვიხილავთ. სავარაუდოდ, ეს იყო ავარიული ან ტექნიკური ხასიათის შემოდინება, რის შესახებაც უფრო ზუსტ ინფორმაციას ელექტროსისტემა გასცემს", - აცხადებს ჩახვაშვილი.




























