ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, წელს რუსთავში მაღაზიის გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ბრენდი პანდემიამდე აღმაშენებელზე მაღაზიას ფლობდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, მისი დახურვა მოუწიათ. ახლა კი, გეგმაშია კვლავ ფიზიკურ მისამართზეც ხელმისაწვდომები გახდნენ და მომხმარებლებს ადგილზე შეძენის შესაძლებლობა მისცენ.
“2025 წელს, რუსთავში მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე, სიტუაციას ვაკვირდებით. ლოკაცია უკვე შერჩეული გვაქვს და თუ გეგმა შევასრულეთ, მაშინ ამ ლოკაციაზე მაღაზიას გავხსნით. ამ დროისათვის, ინვესტიცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი”, - ამბობს ლალი თვალიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საახალწლო სოფელში მონაწილეობას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროტესტის ნიშნად არ მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული მათ გაყიდვებზე მნიშვნელოვნად აისახა. თუმცა Hippie-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დროისათვის გაყიდვები და მოთხოვნა სტაბილურია.
თვალიაშვილის ინფორმაციით, კომპანიას პროდუქციაზე ფასები არ დაუკორექტირებიათ და მომხმარებელს პროდუქციას კვლავ ძველი ფასებით სთავაზობენ.
რაც შეეხება გამოწვევებს, ლალი თვალიაშვილის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ამასთან გამოფენები, რომლებიც აღარ ტარდება, მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოქალაქეობრივი პოზიციიდან, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი.