მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წელს იყო მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა" - როგორია G&T-ის შეფასება/პროგნოზები?

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რო 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 7.5% სრულ თანხვედრაში იყო საინვესტიციო ბანკის პროგნოზთან.

მან ეკონომიკური ზრდის მიზეზების, ასევე მიმდინარე წლის პროგნოზების შესახებ BMGtv-ის "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლის ეკონომიკური ზრდა მოხმარებაზე იყო დაფუძნებული.

"დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა საქსტატმა, სადაც ზრდის ტემპი 7.2% არის ნოემბრის მსგავსად. ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალი ზრდის ტემპი იყო შენარჩუნებული ბოლო კვარტალში და შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ წლიურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ეს არის რეალური ზრდა. რაც შეეხება ნომინალში, ნომინალშიც 12.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, იმიტომ რომ ამას ემატება ინფლაციის ფაქტორი და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის ზომა 2025 წელს გახდა 104.4 მილიარდი ლარი, რაც არის 38.1 მილიარდი ამერიკული დოლარი. და თუ გადავიანგარიშებთ ამას შემდგომ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ მოსახლეზე, 2025 წელი დასრულდა 10,277 ამერიკული დოლარით. პანდემიამდე, თუ შევხედავთ მსოფლიო რეიტინგს,[ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით] თუ ვიყავით მაგალითად 110-ე ადგილზე, 25 პოზიციით გავუმჯობესდით უკვე 2025 წელს პოზიციებით და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. მსოფლიო ბანკს აქვს კლასიფიკაცია, რომელ ქვეყანათა ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს ქვეყანა [ამ მაჩვენებლით] და 2030 წლის პროგნოზებს თუ შევხედავთ ჩვენ, როგორც ჩვენსას, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (იქ არის მთლიანი შიდა პროდუქტის ნაცვლად მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე) და თუ ეს მაჩვენებელი 14,000-ს მიუახლოვდება ამერიკულ დოლარებში, მაშინ ქვეყანა გადადის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში და ნუ ამ პროგნოზით, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ 2030 წელს. თუმცა მოვლენები ცვალებადი არის და ამას რა თქმა უნდა დავაკვირდებით.

რომ დავუბრუნდეთ, თუ რა განაპირობებდა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას, ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც ცხრა თვეში იყო გამოკვეთილი, გაგრძელდა მეოთხე კვარტალშიც და შესაბამისად, წლიურ ჭრილში მივიღეთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მაღალი კონტრიბუციით გამოირჩევა ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგი, არის შემდგომ განათლება, შემდეგ უძრავი ქონება, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები. ფაქტობრივად, ეს ზრდა შეგვიძლია, აი ამ სექტორების ჭრილში ვთქვათ, რომ იყო მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა. და ეს მოხმარება საიდან მოვიდა? მოხმარება მოვიდა, მაგალითად, სავალუტო შემოდინებები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ფაქტობრივად ყველა კომპონენტში იყო საკმაოდ კარგი ზრდა. ექსპორტი ორნიშნა ზრდის ტემპით დასრულდა, შესაბამისად $7.3 მილიარდს მიაღწია. ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი - 8.5%-ით გაიზარდა $3.6 მილიარდამდე. ასევე ტურიზმის შემოსავლები 6%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში და $4.7 მილიარდს მიაღწია. ასევე 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მზარდი იყო. სხვა ნაკადები არის კიდევ, რომელიც წლიური არ გვაქვს და გვაქვს 9 თვის, მაგალითად ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში შემოსავლები 9 თვეში $900 მილიონს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში, რომელიც მარტში დაიდება, მილიარდზე მეტი იქნება და ეს იქნება პირველად უკვე 2025 წელს და ასევე სხვა ტიპის შემოსავლები, გინდა ტრანსპორტის კუთხით და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურად მოქმედებდა. ის, რომ გაცვლითი კურსი გამყარდა, დამატებით კიდევ აძლიერებდა აი ამ სამომხმარებლო მოთხოვნას",- განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

რაც შეეხება 2026 წელს, Galt & Taggart-ის პროგნოზი არის, რომ საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება და თანდათანობით დაუახლოვდება მის პოტენციურ დონეს.

"აქაც კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოხმარება იქნება განმსაზღვრელი ეკონომიკური ზრდის და ასევე პოზიტიურად ვუყურებთ, რომ ინვესტიციების კონტრიბუციაც გაიზრდება. მაგალითად შარშან ინვესტიციების კონტრიბუცია იმიტომ გახდა ნეგატიური, რომ ბოლო კვარტალში მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხების გადაწევა მოხდა, ასე ვთქვათ, 2026 წლისთვის და ეს უკვე 2026 წლის ეკონომიკურ ზრდაში გამოჩნდება. ამასთან აღსანიშნავი არის, რომ ჩვენ ველოდებით 2026 წელს, რომ ეროვნული ბანკი შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და ესეც დამატებითი მხარდაჭერა ექნება ეკონომიკურ აქტივობას და ლარის კურსის, მინიმუმ, სტაბილურობას ველოდებით მიმდინარე წელს. პრინციპში საშუალო კურსს თუ შევხედავთ, საშუალო კურსი გამყარებული იქნება გასულ წელთან, იმიტომ რომ გასულ წელს წლის დასაწყისში ცოტათი მაღალი იყო და საშუალო გამოვიდა 2.74, წელს ველოდებით დაახლოებით 2.69-ის ფარგლებში",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ეკონომისტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება, რაც სებს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას მისცემს.

"ველოდებით [რეფინანსირების განაკვეთის] შემცირებას 0.5 პროცენტული პუნქტით და ეს გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციას ველოდებით მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს და ამას უკვე დავინახავთ გაზაფხულზე, მარტის მაჩვენებლიდან მოყოლებული. შევხედავთ შემდგომ თვეებში, ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3%-იან ზღვარზე, სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგი შესყიდვები განახორციელა 2025 წელს, ჯამურად $2.4 მილიარდზე ცოტა მეტი შესყიდვა გამოვიდა. ამით რეზერვების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, $6.2 მილიარდ მაჩვენებელს მიაღწია, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს გაგრძელდება რეზერვების შესყიდვა კვლავინდებურად. იანვრის მაჩვენებელი გამოქვეყნდება თებერვლის 25-სკენ და დავინახავთ, რომ აქაც კარგი შესყიდვა უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ და ველოდებით, რომ $7 მილიარდამდე გაიზრდება", - აცხადებს ეკონომისტი.

ქავთარაძემ ასევე ისაუბრა საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ როგორც სესხების, ისე დეპოზიტების მიმართულებით ჯანსაღი ზრდის ტემპებია.

"გვაქვს 2025 წლის საბოლოო მაჩვენებელი, ეს არის საბანკო სექტორის მიმართულებით. როგორც სესხების ნაწილში, ისე დეპოზიტების ნაწილში ზრდის ტემპი არის ჯანსაღი. 14%-ით გაიზარდა სესხების პორტფელი. დეპოზიტების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, ფაქტობრივად ყოველ თვე უკვე ჩქარდებოდა ზრდის ტემპი და ეს ძირითადად ლარის დეპოზიტების ხარჯზე იყო - 15.8%-იანი ზრდის ტემპით დასრულდა. პოზიტიური ნიშნულები გვაქვს დოლარიზაციის მაჩვენებლებშიც. წლიურად შემცირდა როგორც სესხების დოლარიზაცია - 42.4% დასრულდა 2025 წელი და დეპოზიტების დოლარიზაციაც ასევე შემცირებული არის, დაახლოებით წლიურად 5 პროცენტული პუნქტით, 47.7%-მდე",- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები