2025 წელს ხორბლის და სიმინდის წარმოება შემცირდა, ქერის კი გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სოფლის მეურნეობის 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს:
- ხორბლის წარმოებამ 143.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს;
- ქერის წარმოება 24.8%-ით გაიზარდა და 60.4 ათასი ტონა შეადგინა;
- სიმინდის წარმოება 200.2 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით, შარშან სიმინდის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები გაიზარდა, ხორბლის კი იმავე ნიშნულზე შენარჩუნდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.7 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა.

საქართველოში 2025 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა ჯამში 184.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი 1.3%-ით 60.4 ათას ჰექტარამდე შემცირდა, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი 4.9%-ით 123.9 ათას ჰექტარამდე შემცირდა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი:
- სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა;
- ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო;
- ქერის - 24.0 ათასი ჰექტარი;
- კარტოფილის - 14.3 ათასი ჰექტარი;
- ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 10.3 ათასი ჰექტარი;
- ბოსტნეულის - 10.8 ათასი ჰექტარი;
დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.




























