2025 წელს პარლამენტის თანამშრომლების ხელფასები იზრდება. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძემ წარადგინა.
„2025 წლისთვის პარლამენტში მომუშავეთა რიცხვი რჩება იგივე, რაც იყო 2024 წელს, ანუ 708 თანამშრომელი. საერთო ასიგნებათა მოცულობა არის 87 მლნ 300 ათასი ლარი. შრომის ანაზღაურების მუხლი არის გაზრდილი, 15,5 მლნ ლარი ემატება, აქედან ლომის წილი მოდის შრომის ანაზღაურებაზე. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის რეგლამენტის ახალი მუხლი, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრთა სახელფასო კოეფიციენტები არის გაზრდილი. საქონლის და მომსახურების კუთხით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარის ხარჯი“, - განაცხადა გოშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიციირებული და უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონის თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ანაზღაურება 3,626 ლარით იზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს. ეს 78%-იან ზრდას წარმოადგენს. ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
3260 ლარით იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება და ის 10,000 ლარს მიაღწევს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 2,910 ლარით ₾9,250-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის - 3,460 ლარით ₾9,000-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 3 760 ლარით 8,500 ლარამდე.
გარდა აღნიშნულ პირთა წრისა, ხელფასის ზრდა ასევე შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც, რომლის ანაზღაურებაც გათანაბრებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოსთან. შესაბამისად, უმრავლესობის ლიდერის შრომის ანაზღაურება გაიზრდება ასევე 2,910 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ.