პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ურთიერთობები ამერიკასთან და ევროკავშირთან, რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-სთან პარტნიორობის პერსპექტივებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მოქცეულია რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში. იგივე ეხება ევროკავშირსაც. სანამ ეს ომი მიმდინარეობს, არის გარკვეული მგრძნობელობები სხვადასხვა მხარეს, არის გარკვეული მოლოდინები. როგორც კი ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება, სხვანაირი შესაძლებლობები გაჩნდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სენატსა და კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვებს, პაპუაშვილი თავს არიდებს კითხვას, ელის თუ არა "ქართული ოცნების" წევრების დამატებით სანქცირებას და ამბობს, რომ მისი მოლოდინია, სენატმა და კონგრესმა გამოიძიოს და გაარკვიოს, რა როლი ჰქონდა USAID-ს 2020 წელს არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში.
„ჩემი მოლოდინი და იმედი არის, რომ კონგრესი ან სენატი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გამოიძიებს, თუ რა როლი ჰქონდა უცხოელ დონორებს 2020 წელს არჩევნების შედეგების ყალბი მონაცემების გავრცელებაში. კიდევ ერთხელ, 2020 წელს როგორც იცით, ამერიკული დაფინანსების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ი ავრცელებდა პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს. გაირკვა, რომ მისმა დონორმა, USAID-მა, რომელიც სახელმწიფო სააგენტოა, ეს ყველაფერი იცოდა და გვიმალავდა. ჩვენც პირადად, როდესაც შეხვედრები გვქონდა მათთან, გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი იყო სწორი. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი სახელმწიფო ინსტიტუტია და ფიზიკურადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩოში, ასევე ისმის კითხვა, მაშინდელმა ელჩმა იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ ყალბი იყო ის რიცხვები, რომლებიც ვრცელდებოდა და მაშინ არეულობის დაწყების საფუძველი იყო. უპირველეს ყოვლისა უნდა შეხედონ საკუთარ თვალში დირეს, თუ არის ეს დირე და შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი”, - თქვა პაპუაშვილმა.