ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ანუ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული - ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს კლინიკების აღჭურვა/გაფართოებაზე სულ 46 მილიონი ლარი უნდა დაიახრჯოს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 20 მილიონი ლარი რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის არის გათვალისწინებული.
2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში, რომელიც იქამდე ფაქტობრივად თითქმის აღარ ოპერირებდა, ყველა დეპარტამენტი აღდგა.
2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა 2024 წლის თებერვალში, რის შესახებაც განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.