2025 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 232 ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა 209 პირის მიმართ დაიწყო.
გამოვლენილია დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტები.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სსკ-ის 182-ე მუხლით - მითვისება ან გაფლანგვა - გამოძიება 205 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 166 პირის მიმართ დაიწყო.
მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მუხლით კი (სსკ 185-ე მუხლი) გამოძიება სისხლის სამართლის 27 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 43 პირის მიმართ დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში გამოვლენილია დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტები.
ᲓᲘᲓᲘ ᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲗ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ ᲥᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲗᲕᲘᲡᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა: წინასწარ შემუშავებული სქემით, ნორვეგიიდან ყაზახეთის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი დალუქული ორი სატვირთო ტრაილერიდან, განხორციელდა 1,144,716 ლარის ღირებულების თევზის საქართველოში გადმოტვირთვა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ცარიელმა
ტრაილერებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანის მიმართულებით, საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, თითქოს ხდებოდა ხსენებული თევზის ტრანსპორტირება.
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲗ ᲥᲝᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით,
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი - ჯამში 20,336 ,923 ლარის ოდენობით.
ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ
იქნა დღგ - ჯამში 563,353 ლარი, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.




























