საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ რომ 2025 წლიდან საპენსიო სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის ფარგლებშიც საპენსიო და საშემოსავლო გადასახადის გადახდა ერთი დეკლარაციით ხდება, მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები გამოიღო.
როგორც „საქმის კურსთან“ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, რეფორმამ დამსაქმებლებისთვის პროცესი გაამარტივა და ფონდში შენატანების ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, 2025 წელს კომპანიების 92%-მა ვალდებულება სრულად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 15 ივნისიდან ბიზნესი საპენსიო შენატანს საშემოსავლო გადასახადთან ერთად, ერთი დეკლარაციის მეშვეობით იხდის და თუ ამ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება მოხდა ჯარიმა/ საურავები ერიცხება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ჯარიმებიდან 2026 წლის 4 თვეში ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა. 2025 წელს კი, გადახდილი ჯარიმის მოცულობა 3.747 მლნ ლარი იყო. გარდა ამისა, კომპანიებმა გადაიხადეს საურავიც, რა მოქალაქეებს დაერიცხათ.
„გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. დამსაქმებლებმა უკვე აითვისეს ეს ახალი სისტემა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს გამოვლენილი დარღვევების 78% უკვე აღმოფხვრილია. ამასთან, კომპანიების 92%-მა სრულად შეასრულა ვალდებულება. ეს შეიძლება ითქვას უკვე, რომ 8%-მდეა იმ გადამხდელების წილი, ვინც ვალდებულებას ვერ ასრულებს მაშინ როდესაც, გასულ წლებში ასეთი რამდენიმე ათეული პროცენტი იყო. ათიათასობით კომპანია არ ასრულებდა დასაქმებულის მიმართ ვალდებულებას. რიცხვებით რომ ვთქვათ, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, 140 მილიონი ლარით მეტი შენატანია განხორციელებული“, - ამბობს გიორგი ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, გასულ წლებში ასეულობით მილიონის დავალიანება დაგროვდა, საიდანაც 2025 წელს ფონდში 70 მლნ ლარი შევიდა.
კითხვაზე: რა თანხა რჩება ბიზნესის მიერ გადასახდელი, საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მ.შ ამბობს, რომ წინა წლების დავალება - ათეულობით მილიონი ლარი, ათასობით კომპანიას აქვს.




























