2025 წელს საქართველოში 38.5 მილიონი ლარის ღირებულების (14 მილიონი აშშ დოლარი) გაყინული ქათამი და 232.1 მილიონი ლარის (84.7 მილიონი აშშ დოლარი) გაყინული ქათმის ნაწილები შემოვიდა. ამ პერიოდში 64.4 ათასი ტონა ქათმის პროდუქტია იმპორტირებული. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
სააგენტომ FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონელი) ბაზრის მიმდინარე მონიტორინგთან ერთად, შეისწავლა სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაში შემავალი საქონლის იმპორტის ბაზრების მაჩვენებლები. შეფასებისათვის შეირჩა კარაქის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის, ქათმის ხორცისა და შოკოლადის იმპორტი. ანგარიშის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღნიშნული საქონლის მოხმარება მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული, იმპორტის ბაზრებზე არსებული ტენდენციები წარმოადგენს FMCG ღირებულების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და დიდ გავლენას ახდენს, როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ასევე ფასების ფორმირებაზე.
მიმოხილვის თანახმად, ძირითად საიმპორტო ქვეყნებს ჩინეთი, უკრაინა, თურქეთი და ბრაზილია წარმოადგენენ. წამყვანი ქვეყნების განაწილება განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით. გაყინული ქათმის შემთხვევაში ძირითადი მომწოდებელი არის უკრაინა 45%-იანი ბაზრის წილით, შემდეგ მოდის თურქეთი - 32%-იანი წილით, რუსეთი - 11%-იანი წილით და ბრაზილია - 10%-იანი წილით. რაც შეეხება გაყინული ქათმის პროდუქტების იმპორტის, ამ მიმართულებთ გამოკვეთილია ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობა 44%-იანი წილით, შემდეგ მოდიან თურქეთი (11%), უკრაინა (11%) და ბრაზილია(7%).
ამასთან, იმპორტის ჯამური მაჩვენებლების შეფასებისას იკვეთება, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია. წამყვანი 10 კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 58%-ს, წამყვანი 5 კომპანიის წილი 43%-ს, ხოლო წამყვანი სამი კომპანიის წილი 35%-ს შეადგენს. ამ პერიოდში მთლიანი ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალჰირშმანის ინდექსმა (HHI) 611 ერთეული შეადგინა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ხოლო გაყინული ფრინველის ხორცის ნაწილებისა და სუბპროდუქტების მიმართულებით ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა 579 ერთეული შეადგინა, რაც ასევე დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შედარებით მაღალია გაყინული ქათმის იმპორტის მიმართულებით დაფიქსირებული კონცენტრაციის მაჩვენებელი და 2025 წლისათვის 1,321 ერთეული შეადგინა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.



























