2026 წლის დასაწყისში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვენესუელა აღმოჩნდა, რადგან აშშ-მ 3 იანვარს კარაკასში ოპერაცია ჩაატარა და ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად დააკავა. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც მადუროს დაკავებას გამოეხმაურა, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი იყო. მან აშშ-ს ქმედებები დაგმო და ნიკოლას მადუროს დაკავება „სახელმწიფო ტერორიზმის აქტად“ შეაფასა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფინანსური რესურსებით არსებობდა, სანაცვლოდ კი ვენესუელას ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, მადუროს დაკავების შემდეგ კი ეს პრაქტიკა დასრულდებოდა.
BMG დაინტერესდა - რა მოცულობის არის საქართველო-კუბას ეკონომიკური ურთიერთობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კარიბის ზღვის აუზში მდებარე ამ კუნძულოვან სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მინიმალურია.
მაგალითისთვის, კუბასთან სავაჭრო კავშირი იმპორტით საზრდოობს, რაც 2025 წლის 11 თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში კუბიდან საქართველომ მხოლოდ 2 მსუბუქი ავტომობილი 64.1 ათასად შეიძინა. გასულ წლებშიც ამ ქვეყნიდან მხოლოდ ავტომობილებს ვყიდულობდით, თუმცა 2024 წლის 11 თვეში 8 მანქანა $442 ათასად, 2023 წლის 11 თვეში კი 7 მანქანა $386.6 დოლარად შევიძინეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე კუბიდან სიგარების და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტიც ხდებოდა, რაც ბოლო წლების სტატისტიკით შეჩერებულია.
ექსპორტი ნულოვანია.
კარიბის ზღვის აუზის ამ ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც ნულოვანია. ფულადი გზავნილები კი მცირე - 2025 წლის 9 თვეში კუბიდან საქართველოში ჯამში 800 დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს სრულად კი 200 დოლარი. 2023 და 2022 წლებში ეს რიცხვი 3 600 და 5 700 დოლარი იყო.
ტურიზმის შემთხვევაშიც რიცხვები მინიმალურია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 9 თვეში კუბიდან საქართველოში 126 ვიზიტი შესრულდა; 2024 წელს სრულად 158 ვიზიტი, 2023 წელს კი 157 ვიზიტი შედგა.



























