მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველომ რეკორდული ₾2 მილიარდის ამანათები გამოიწერა - ₾874 მლნ-ის ჩინეთიდან

Temu თემუ
სტატიაში საუბარია:

2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა - ამის შესახებ ირკვევა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან, რომელიც უწყებამ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიაწოდა. თანხობრივად გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ეს ნაზრდი უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება რაც 558 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი გასულ წელს 4.8 მილიონი ამანათით, ანუ 32%-ით გაიზარდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების მიმართულებით ბუმი დაკავშირებულია ჩინეთიდან ელექტრონული ვაჭრობის მკვეთრ ზრდასთან, რადგან ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი 13,679,179-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს რომ მთლიანი ამანათების 69% სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი.

რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ფასი 2025 წელს 64 ლარს შეადგენდა, რაც 4.7-ჯერ ნაკლებია დღგ-ის გარეშე განბაჟების 300 ლარიან ლიმიტზე, ეს კი ნიშნავს რომ მოსახლეობამ 874 მილიონი ლარის პროდუქცია შეიძინა ჩინეთიდან, რომლის ანალოგის ადგილობრივ ბაზარზე შეძენის შემთხვევაშიც მინიმუმ 18%-ით მეტის (157 მლნ ლარით მეტის) გადახდა მოუწევდა. ჩინეთიდან ამანათების მიმართულებით არსებული ბუმი დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობის გიგანტების - Temu-ს; Shein-ის; Alibaba-ს; Pinduoduo-ს მიერ ქართულ ბაზარზე მარკეტინგის მნიშვნელოვანი ზრდით, ასევე საქართველოში გზავნილის უფასოდ მიწოდების სერვისის შეთავაზებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც უკანასკნელ წლებში გააქტიურდა არის ონლაინ კომერცია რუსეთიდან, რაც დაკავშირებულია Ozon-ისა და Wildberries-ის მიერ საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით. თუკი 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 16 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების 193 ათასი ამანათი შემოვიდა, 2025 წელს რუსეთიდან შემოსული ამანათების რაოდენობა 474%-ით, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ამანათები მნიშვნელოვანწილად იაფი ღირებულების საქონელს წარმოადგენს და საშუალო ფასი მხოლოდ 47 ლარს შეადგენს.

2025 წელს საქართველოში შემოსული ამანათები ქვეყნების მიხედვით - დალაგებულია ამანათების ჯამური ფასის მიხედვით:

# ქვეყანა ამანათების რაოდენობა ჯამური ფასი - ლარებში ამანათის საშუალო ფასი ლარებში
1 ჩინეთი 13,679,179 ამანათი; 874,155,168 ლარი; 64 ლარი;
2 შეერთებული შტატები 1,701,851 ამანათი; 382,912,566 ლარი; 225 ლარი;
3 გერმანია 152,315 ამანათი; 115,337,268 ლარი; 757 ლარი;
4 საბერძნეთი 951,008 ამანათი; 98,189,054 ლარი; 103 ლარი;
5 იტალია 876,537 ამანათი; 97,634,624 ლარი; 111 ლარი;
6 რუსეთი 1,108,196 ამანათი; 52,510,746 ლარი; 47 ლარი;
7 გაერთიანებული სამეფო 122,293 ამანათი; 42,006,641 ლარი; 343 ლარი;
8 თურქეთი 661,078 ამანათი; 37,594,225 ლარი; 57 ლარი;
9 ესპანეთი 99,105 ამანათი; 19,328,445 ლარი; 195 ლარი;
10 ლატვია 274,639 ამანათი; 13,138,613 ლარი; 48 ლარი;
სხვა ქვეყნები 259,130 ამანათი; 312,474,494 ლარი. 1,206 ლარი.

რაც შეეხება 300 ლარის განბაჟების ლიმიტს, 2025 წელს 300 ლარზე ნაკლები ღირებულების იყო 19.3 მილიონი ერთეული ამანათი, რაც ჯამური გზავნილების 97%-ია. ამ ამანათების ღირებულება კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 582,364 ამანათი, რომელთა საერთო ფასიც 849 მილიონი ლარი იყო. ანუ ერთი გზავნილის საშუალო ფასი ამ სეგმენტში 1455 ლარს შეადგენდა. ხოლო დაუბეგრავი ამანათების სეგმენტში კი გზავნილის საშუალო ფასი 62 ლარი იყო.

რაც შეეხება გადახდილ გადასახადებს, 2025 წელს ამანათების სექტორიდან ბიუჯეტში 152 მილიონი ლარის დღგ შევიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 18 მილიონი ლარით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები