საქართველოში არსებულ სკოლებში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა რიცხვი იზრდება. საქსტატის თანახმად, 2025/2026 წლის სასწავლო წელს საქართველოში არსებულ სკოლებში სულ 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით მეტია.
ქვეყნის მასშტაბით სულ 2292 სკოლა ფუნქციონირებს, საიდანაც 2086 საჯარო, 206 კი კერძო სკოლაა. საჯარო სკოლებში სულ 572 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო სეზონთან შედარებით 0.3%-ით მეტია. კერძო სკოლაში კი 72 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა წელთან შედარებით 2.4%-ით მეტია.
მოსწავლეთა შორის ბიჭები 51.6 პროცენტს შეადგენენ, გოგოები კი – 48.4 პროცენტს. ყველაზე დატვირთული კვლავ დედაქალაქის საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლის 36 პროცენტი სწავლობს.
მოსწავლეთა მზარდი რაოდენობის პარალელურად, იზრდება მასწავლებლების რაოდენობაც. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლებში 66.3 ათასი პედაგოგი იყო დასაქმებული, რაც წლიურად 0.5 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა კადრების სტრუქტურაში ქალი პედაგოგების წილი განსაკუთრებით მაღალია – 87.6 პროცენტი, მაშინ როცა კაცები მხოლოდ 12.4 პროცენტს შეადგენენ.
სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ქვეყანაში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნობა იზრდება, სკოლების რაოდენობა წლიურად 2 ერთეულით შემცირდა.




























