საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში სულ 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. მათგან უმრავლესობა - 42 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრია. 7 თეატრი თოჯინების მიმართულებით მუშაობს, ხოლო ოპერისა და ბალეტის, ისევე როგორც ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების რაოდენობა 2-2 ერთეულს შეადგენს.
თეატრების უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული (54.7%), 13.2% იმერეთში ფუნქციონირებს, ხოლო დარჩენილი 32.1% სხვა რეგიონებში ნაწილდება.
2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ 4.4 ათასი ღონისძიება ჩატარდა, საიდანაც 130 გასვლითი (ქალაქგარეთ) იყო, ხოლო საზღვარგარეთ გამართული ღონისძიებების რაოდენობამ 153 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9.8%-ით შემცირდა და 4 073 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (70.4%) თბილისში გაიმართა (2 869 სპექტაკლი). რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
- იმერეთი - 417 სპექტაკლი;
- აჭარის ა/რ - 190 სპექტაკლი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 152 სპექტაკლი;

მაყურებელთა დასწრება
რაც შეეხება მაყურებელთა აქტივობას, 2025 წელს თეატრალურ ღონისძიებებზე დამსწრეთა საერთო რიცხოვნობა 2.5%-ით შემცირდა და 620.3 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ დედაქალაქზე მოდის - 66.3% (411.4 ათასი მაყურებელი). მეორე ადგილზეა იმერეთი 9.6%-ით (59.6 ათასი მაყურებელი), ხოლო მესამეზე აჭარის ა/რ - 56.1 ათასი დამსწრეთ.

დასაქმება
საქსტატის თანახმად, 2025 წელს პროფესიული თეატრები 4 391 ადამიანს ასაქმებდნენ, საიდანაც 3 081 მუდმივი შტატიანი თანამშრომელი იყო. 2024 წელთან შედარებით, თეატრებში დასაქმების მაჩვენებელი 80 ადამიანით გაიზარდა.




























