საქსტატის თანახმად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების" პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციაში აღნიშნული არ არის, უცხოელ სტუდენტთა რა ნაწილი ირიცხება კერძო და რა - სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მათი უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჯამურმა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ "უმაღლესი განათლების რეფორმის" ფარგლებში ხელისუფლების თავდაპირველი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტები აღარ უნდა მიეღოთ, რადგან, მთავრობის ხედვით "ბიზნესი კერძო სექტორს უნდა ეკეთებინა, სახელმწიფო სექტორს კი სახელმწიფო ამოცანები უნდა შეესრულებინა". თუმცა გასული წელს მიღებული გადაწყვეტილება, მთავრობამ გადაიფიქრა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაზე უარის თქმა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა.
ბოლო ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს მთელი კვოტის 5%-ის ფარგლებში მიიღებს, დეფიციტს კი ქვეყნის ბიუჯეტი დაფარავს.




























