2025 წელს სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 58-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, შარშან საქართველოში 445 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (61%) განთავსებული. სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: თბილისში (10%), კახეთში (8%), ქვემო ქართლში (5%), ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში (4.5%).
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 387 იყო.
2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 533 მომხმარებელს. საქსტატის ცნობითვე, შარშან მაცივრებში შენახული იყო 381.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.6% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 16.2% – თევზეული და 15.6% ხილი და ბოსტნეული.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2025 წლის განმავლობაში შესყიდულია 105.5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა მოცულობამ 27.3 მლნ ლარი შეადგინა.
2025 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 901 მლნ ლარის ღირებულების (118.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (46%) იყო ადგილობრივი წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 40% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას რძის პროდუქტები (29%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (27%), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (15%) და თევზეული (11.6%) წარმოადგენდა.
რაც შეეხება ელევატორებს, 2025 წელს საქართველოში 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (36%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (19%) რეგიონებში იყო
განთავსებული.
მომსახურება გაეწია 30 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 425 იყო.
2025 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული იყო 500.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 22% – სოიოს შროტი, ხოლო 7%-ს სიმინდი.
2025 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 293.4 მლნ ლარის ღირებულების 276
ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 54% ადგილობრივი წარმოების იყო. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.5 მლნ ლარი შეადგინა.




























