საქართველოს $25.8 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში თურქეთი უმსხვილესი პარტნიორია. 2025 წელს საქართველო-თურქეთის ექსპორტ-იმპორტი მცირედით, 3.1 მლრდ დოლარამდე შემცირდა. წლიური კლება 3.8%-ია. მიუხედავად ამისა მეზობელი სახელმწიფო 12%-იანი წილით საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვის კლება ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, თუმცა იმპორტიც თითქმის 2024 წლის მაჩვენებელზეა. აღსანიშნია ისიც, რომ თურქეთთან სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.
გასულ წელს საქართველომ თურქეთში 332 მილიონ 900 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა, რაც წლიურად 27.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ექსპორტის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში თურქეთი 4.6%-იანი წილით მეექვსე ადგილზეა.
თურქეთში გაყიდული საქონლის ჩამონათალზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტის კლება დიდწილად ფეროშენადნობების გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. კლებაა ასევე მამაკაცის კოსტიუმების და კომპლექტების და ელექროენერგიის ექსპორტშიც.
თურქეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $71 მლნ, 1 643 ტონა;
- ფეროშენადნობები - $39.5 მლნ, 36 775 ტონა;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $20.8 მლნ, 2 391 ტონა;
- ტრიკოტაჟის კოსტიუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $19.7 მლნ, 688 ტონა;
- ელექტროენერგია - $18.3 მლნ;
რაც შეეხება იმპორტს, თურქეთიდან გასულ წელს 2 მილიარდ 775 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ, მაშინ როდესაც 2024 წელს იმპორტი $2.774 მილიარდი იყო. ზრდა გვაქვს მსუბუქი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, არმატურის იმპორტში.
TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $171.9 მლნ, 5 565 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $123.5 მლნ, 2 848 ცალი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $107.9 მლნ, 120 737 ტონა;
- არმატურა - $90.2 მლნ, 153 814 ტონა;
- შავი ლითონების მეტალკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $62.5 მლნ, 32 367 ტონა;



























