2025 წლის განმავლობაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $30.8 მილიარდი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. შედარებისთვის სავალუტო ინტერვენციები 2024 წელს უფრო დიდი იყო და ის 34.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
NBU-ს თანახმად, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი დეკემბერში იყო და მთლიანმა გაყიდვებმა 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2025 წელს უკრაინის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად საშუალოდ 3 მილიარდ დოლარს ყიდდა.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი შემოიღო. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კურსის კორექცია და ახალ ნიშნულზე დაფიქსირება განახორციელა, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი კურსი დოლართან 36.97 გრივნა იყო. 2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმს შეარბილებდა და გრივნას თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებდა და ინტერვენციებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდა, ეს ნიშნავდა რომ კურსი მყისიერად უნდა გაუფასურებულიყო, თუმცა აღნიშნულს ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან მკვეთრი უკურეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის ხარჯვის პროცესი განაგრძო. არსებული მდგომარეობით ერთი დოლარი 43.4 გრივნა ღირს.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით უკრაინის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 57.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან ჭრილში 14.3 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.
ცენტრალური ბანკის თანახმად, 2025 წელს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ყველაზე დიდი - 32.7 მილიარდი დოლარი მიიღო ევროკავშირიდან; მსოფლიო ბანკიდან 13.2 მილიარდი დოლარი; კანადის მთავრობისგან 3.4 მილიარდი დოლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კი 0.9 მილიარდი დოლარი. ასევე 0.9 მილიარდი დოლარი აშშ-დან.




























